გიორგი ტყემალაძე: შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ისტორიაში თბილისი ღირსეულ ადგილს დაიკავებს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს სანდრა ბერმანს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა. გიორგი ტყემალაძემ სიტყვით გამოსვლისას სამეცნიერო-კულტურული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი დონის სამეცნიერო-კულტურულ ფორუმს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქში ჩატარებული კონგრესი გააერთიანებს თანამედროვე ავტორებს, ლიტერატურასა და მომიჯნავე დარგებში მოღვაწე დელეგატებსა და მომხსენებლებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ჩვენთვის საამაყოა, რომ თბილისი ღირსეულ ადგილს დაიკავებს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ისტორიაში და კიდევ ერთხელ წარმოჩნდება მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე. მცირერიცხოვანი ერების ლიტერატურის უკეთ გაცნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მასშტაბურ აკადემიურ კონგრესებში მონაწილეობა და მსოფლიო ლიტერატურულ დიალოგში ჩართულობა. მინდა დავუდასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა შედარებითი ლიტერატურის ამ უდიდესი ფორუმის აღმასრულებელ საბჭოს, საერთაშორისო და ქართულ ასოციაციებს, ასევე ყველა პარტნიორს იმ შესაძლებლობისთვის, რასაც მსოფლიო კონგრესის მასპინძლობა იძლევა. დიდი მადლობა კონგრესის ორგანიზატორებს, კონგრესის მონაწილეებს კი ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ სამეცნიერო მუშაობას. ვიმედოვნებ, თბილისში გამართული კონგრესი გამორჩეული იქნება დელეგატებისთვის და წინამორბედ მასპინძელ ქალაქებში ჩატარებული კონგრესების გვერდით ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შედარებითი ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის გამართვის უფლება მოიპოვა.
2022 წლის კონგრესის თემა – „მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები” – კონგრესის აღმასრულებელ საბჭოს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა შესთავაზა. შედარებითი ლიტერატურის კონგრესი ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში ყველაზე მასშტაბურ და კომპეტენტურ სამეცნიერო და კულტურულ ფორუმად მიიჩნევა.
კონგრესი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ტარდება და სამ წელიწადში ერთხელ იმართება და მას სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და სხვა ქალაქები. კონგრესი არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.
კონგრესის ფორმატი ათასობით დელეგატის მონაწილეობას – მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსების, ლიტერატურათმცოდნეების, კულტუროლოგების, მთარგმნელების, მწერლების ჩართულობას ითვალისწინებს. კონგრესის პლენარულ მოხსენებებს წარადგენენ მეცნიერები პრინსტონის, კემბრიჯის, ტოკიოს, ლუბლიანას უნივერსიტეტებიდან. კონგრესის ფორმატში დაგეგმილია საერთაშორისოდ აღიარებული ავტორების – ჟან ლუი კოატალემის და იმან ჰუმაიდანის ლექციები.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, აგრეთვე, თბილისში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით ტარდება.