ციხის უბანი, ჩორსუ, ჭონხანა და ცხენის ტერფი – ძველი თბილისის ადგილები

ფოტო: https://forbes.ge/shaithan-vatchrebi/

თ. კვირკველიას წიგნი „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძველთბილისურ დასახელებას, რომელსაც წარმოშობის საკუთარი ისტორია აქვს და თბილისზე, მით უფრო, ძველ თბილისზე შეყვარებულ ადამიანს განსაკუთრებით დააინტერესებს.


ჩორსუ – ასე ეწოდებოდა დახურულ სავაჭრო მოედანს, სადაც რასტაბაზრისგან განსხვავებით, სხვადასხვა დარგის ვაჭარ-ხელოსნები იყვნენ თავმოყრილნი. ჩორსუ სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ოთხკუთხედს ნიშნავს. სპარსეთში გზების გადაკვეთაზე ბაზარი იმართებოდა და იგი გუმბათით იხურებოდა. ამგვარი ორი ჩორსუ თბილისშიც იყო. ისინი ზომებით განსხვავდებოდნენ. მცირე ჩორსუ, ჯონხანის და ხარაზხანის გადაკვეთაზე (დღევანდელ ერეკლეს, სიონის და აფხაზის ქუჩების შესაყარზე) მდებარეობდა. მეორე, დიდი ჩორსუ კი რასტაბაზრის დასასრულს იყო, მელიქის ქარვასლის უშუალო სიახლოვეს, დაახლოებით, დღევანდელი სიონის ქუჩის ბოლოში. ორივე ჩორსუს კვალი ნათლად იკითხება თბილისის 1800 წლის გეგმაზე. ისევე როგორც საერთოდ ამ ხანის ბაზრებში, თბილისის ორივე ჩორსუშიც ერთიმეორის გვერდით სრულიად სხვადასხვა სახის დუქან-სახელოსნოები იყო განლაგებული.

ციხის უბანი – იგი მდებარეობდა თათრის მოედნის სამხრეთით და აღმოსავლეთიდან უშუალოდ ემიჯნებოდა კლდის უბანს. მისი სახელწოდება იმით აიხსნება, რომ იგი გალავნით იყო შემოზღუდული და ე.წ. დაბალი ციხის ტერიტორია ეკავა. მას საზღვრავდნენ ზედა ციხე ნარიყალათურთ, აღმოსავლეთით წავკისწყლის პირას გამავალი კედელი, ხოლო დასავლეთიდან გალავანი გადიოდა აწინდელ გორგასალის პირველი შესახვევის ხაზზე იმგვარად, რომ გვერდზე იტოვებდა ციხის (თათრის) მოედანს. ვახუშტის მოწმობით, ეს უბანი მეფე როსტომს კალასგან გალავნით გამოუყვია და სპარსული გარნიზონისათვის დაუთმია. „მეფემან როსტომ ჩამოზღუდა კალა ციხიდან ხიდის ციხის ყურემდე და მისცა სპარსთა, მიერითგან უპყრავთ მათ“. კალას და ციხის გამყოფი გალავანი XVIII საუკუნის 70-იან წლებში მოიშალა, სპარსელების განდვნის შემდეგ.

ცხენის ტერფი – დიდუბის ადრინდელი დასახლებაა. ცნობას ამის თაობაზე გვაწვდის ვახუშტი ბაგრატიონი: „ტფილისის ჩრდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა ცხენის ტერფი“. „ცხენის ტერფი“ სხვა წყაროებშიც გვხვდება. იგი მოხსენიებულია ქართველი მემატიანის, ჯუანშერის მიერ, როდესაც იგი სპარსელებთან ვახტანგ გორგასალის ერთ-ერთი შებრძოლების ამბავს მოგვითხრობს: „ხოლო ვახტანგ განაძლიერნა ციხე-ქალაქნი,და ურჩეულესი მებრძოლი ერისა მისისა ვითარ ასი ათასი მხედარი, და ასი ათასი ქუეითი იპყრა მის თანა, და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლის კართამდე, და სპარსთა დაიბანაკეს ვიდრე ცხენის – ტერფითგან ჩაღმართ“ (ქართლის ცხოვრება).

ჭონხანა – ჭონხანა სპარსული წარმოშობის ორი სიტყვისაგან შედგება: „ჭონი“ – მექუდე და „ხანა“ ადგილი. მექუდეთა რიგები ძველ თბილისში ძირითადად ორ ადგილზე იყრიდნენ თავს. ერთ-ერთი ჭონხანა დღევანდელი სიონის ქუჩის დასაწყისის ორთავ მხარეზე იყო განლაგებული და ჩორსუს დახურულ ბაზარს ებჯინებოდა, ჩორსუ აწინდელი სიონისა და ერეკლეს ქუჩების შესაყარზე მდებარეობდა. პატარა ჭონხანა (რამდენიმე დუქანი) თათრის (დღვანდელი გორგასალის) მოედნის სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე მდებარეობდა, მენაბდეთა დუქნების გაგრძელებაზე, ციხის დიდი ეკლესიის (სურფგევორქის) წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები