ბავშვების ფოსტით გაგზავნა – კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკა ХХ საუკუნის აშშ-ში

ХХ საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ბავშვების ფოსტით გაგზავნა იყო შესაძლებელი. ეს მომსახურება 1 დოლარზე ნაკლები ღირდა, რაც მატარებლის ბილეთზე უფრო იაფია, თანაც ფოსტა თავად ზრუნავდა ცოცხალ გზავნილზე. ბავშვს „ფუთავდნენ“ სპეციალურ საფოსტო ყუთში, ზედ ადებდნენ შტამპს და გზავნილი დანიშნულების ადგილზე მიჰქონდათ. მგზავრობის დროს ბავშვზე საფოსტო კურიერი ზრუნავდა. შემდეგ, ცხადია, ეს მომსახურება გაუქმდა, მაგრამ რამდენიმე ბავშვის გაგზავნა ნათესავთან მაინც მოესწრო.

1913 წელს აშშ-ში გაჩნდა „კანონი ფოსტის შესახებ“, რომელიც კარგი სტიმული გახდა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამერიკელებმა შეძლეს ფოსტით პროდუქტების, ტანსაცმლის, მარცვლეულის, თამბაქოს და წამლის შეძენა, ხოლო გზავნილები მათთან სახლში მიჰქონდათ. თუმცა, კანონმდებლებმა ყველაფერი ვერ გაითვალისწინეს, რითაც ზოგიერთმა ისარგებლა კიდეც.

ფოსტა პასუხს აგებდა არა მხოლოდ პროდუქტებისა და მტვრევადი ნივთების მიწოდებაზე, არამედ ცოცხალი არსებების გადატანზე არაუმეტეს 50 ფუტის (22,68 კგ-ს). ეს იმისთვის იყო გაკეთებული, რომ სოფლის მოსახლეობას შეძლებოდა, ფოსტით გაეგზავნა შინაური ფრინველი, მაგრამ ეს პირობები პატარა ბავშვებსაც ერგებოდა.

1913 წლის იანვარში მისის და მისტერ ბოჯებმა ოჰაიოს შტატიდან, სასოფლო ფოსტით გზავნილი გაგზავნეს ლუი ბოჯის მისამართზე. გზავნილის ფასმა შეადგინა 15 ცენტი, რომელიც საფოსტო მარკისთვის გადაიხადეს, ამასთანავე ტვირთი დაზღვეული იყო 50 დოლარზე. ტვირთი აღმოჩნდა ლუი ბოჯის შვილიშვილი: მშობლებმა ჩათვალეს, რომ ბავშვის ფოსტით გაგზავნა გაცილებით იაფი იქნებოდა, ვიდრე ბავშვის თავად ჩაყვანა. ეს იყო პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ბავშვი, რომელიც ფოსტით გაგზავნეს. 1913 წლის 27 იანვარს მისტერ და მისის სავისებმა პენსილვანიის შტატის ერთი ქალაქიდან მეორეში გაგზავნეს საკუთარი ქალიშვილი. გოგონა იმავე დღეს წარმატებით მიიყვანეს გზავნილის მიმღებამდე, მისი გაგზავნა მშობლებს 45 ცენტი დაუჯდათ.

1913 წელს მთავრობა აღნიშნული პრაქტიკის გაუქმებას ეცადა და მიუთითა, რომ ბავშვები არ არიან ფრინველები ან ხოჭოები.

1914 წლის 19 თებერვალს 5 წლის მეი პერსტორფის მშობლებმა, შტატ აიდაჰოდან, გოგონა გაგზავნეს სტუმრად ბებიასთან, რომელიც მათგან 73 მილში ცხოვრობდა. გოგონა დაშვებულ წონაზე ნაკლებს იწონიდა, ამიტომ გზავნილი ქათმების ტარიფით გაგზავნეს და მხოლოდ 53 ცენტი გადაიხადეს.

1914 წელს აშშ-ის მთავარმა ფოსტმეისტერმა, ალბერტ სიდნე ბერლიზონმა გამოსცა განკარგულება, რომელიც გზავნილად ბავშვების მიღებას კრძალავდა, თუმცა ამან პრობლემა ვერ მოაგვარა. 1915 წელს რეკორდული რაოდენობის ბავშვი გაგზავნეს ფოსტით. უკანასკნელი შემთხვევა იყო  სამი წლის მოდ სმიტის ბებიასგან მშობლებთან გაგზავნა, რაც გამოძიების საგანი გახდა. 1920 წლის 13 ივნისს საფოსტო სამმართველომ მკაცრად აკრძალა ბავშვების ფოსტით გაგზავნა. მას მერე მსგავსი შემთხვევა არ განმეორებულა. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები