ბერბეროვების შინაური ლომი – ტრაგედია, რომელიც არ უნდა მომხდარიყო
ლომი – სახლში შესანახად ყველაზე შეუფერებელი ცხოველი. დიდი, მსუნაგი, ხმაურიანი და რაც მთავარია, სიცოცხლისთვის საშიში მტაცებელი, რომელიც ქალაქის ბინაში ცხოვრობს – ძალიან იშვიათობაა, ამიტომ ლომი კინგი და მისი პატრონები, ბერბეროვების ოჯახი, სსრკ-ში ცნობილები იყვნენ. კინგისა და მისი პატრონების ოჯახს მილიონობით საბჭოთა მოქალაქე აკვირდებოდა. როდესაც საშინელი ტრაგედია მოხდა, ამან მთელი ერი შეძრა.
საბჭოთა კავშირში ეკზოტიკური მტაცებლის სახლში ყოლა რიგით მოქალაქეს არ შეეძლო, მაგრამ ლევ ბერბეროვი არ იყო რიგითი ადამიანი. ბერბეროვი წარმოშობით ბაქოდან იყო. ის მაღალ თანამდებობას იკავებდა მოსკოვში და გორლოვკაში, ხოლო ქალაქ სტალინოში, რომელიც ახლა დონეცკია, ის სამჯერ ზედიზედ აირჩიეს მთავარ არქიტექტორად.
ლევი ძალიან რთული ადამიანი იყო. როდესაც გორლოვკიდან სტალინოში გადადიოდა საცხოვრებლად, მან სამთავრობო ბინიდან წამოიღო ყველაფერი, მათ შორის, გაზქურა, ნათურები და ელექტროსადენების ნაწილიც კი. ამას გაზეთებში სკანდალი მოჰყვა, მაგრამ მასზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
ბერბეროვს ორი სისუსტე ჰქონდა – ქალები და ცხოველები. ჩინოვნიკის სასიყვარულო რომანებზე სტალინოში ლეგენდები დადიოდა ისევე, როგორც „ზოოპარკზე“, რომელიც მან სახლში მოაწყო. დიდ ბინაში ცხოვრებისას მან სახლში იყოლია ძაღლები, ზღარბები, კუები, ხვლიკები, თუთიყუშები და სხვა ცხოველები.
ამიტომ, როდესაც ბერბეროვი მეუღლეს გაშორდა, არავის გაჰკვირვებია, ვინაიდან ყველა არ არის მზად, მოუაროს ამდენ ცხოველს. განქორწინების შემდეგ ლევი უკრაინიდან წავიდა და მშობლიურ ბაქოში დაბრუნდა, სადაც კვლავ დაქორწინდა. მისი რჩეული, რომელსაც ნინა ერქვა, ჭკუას კარგავდა ცხოველებზე და შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს.
მათი ცხოველებისადმი სიყვარულის შესახებ მთელმა ქალაქმა იცოდა, ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ ლევის ბინის კართან ხშირად ტოვებდნენ სხვადასხვა ცხოველს. თავიდან ეს პატარა ცხოველები იყო, სანამ კართან მგლის ლეკვს დატოვებდნენ. მას ტომაჩკა დაარქვეს და ოროთახიან ბინაში შეიფარეს.
როდესაც ტომაჩკა გაიზარდა, მისი ქცევები არაპროგნოზირებადი გახდა, რაც ძალიან საშიში იყო ორი პატარა ბავშვისთვის, რომელიც ოჯახში იზრდებოდა. ამიტომ, მგელი ბაქოს ზოოპარკში გაგზავნეს, რომელთანაც ბერბეროვი თანამშრომლობდა, როგორც არქიტექტორი.
ოჯახს არ დავიწყებია ძველი მეგობარი და რეგულარულად სტუმრობდნენ ხოლმე მგელს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ევამ, ბერბეროვების ქალიშვილმა, ვოლიერში პატარა ცოცხალი არსება შენიშნა, რომელიც თითქმის არ რეაგირებდა გარე სამყაროზე. ეს ლომი აღმოჩნდა, რომელსაც დაბადებიდან წინა თათების დეფექტი ჰქონდა. საკუთარი დედა მის მოკვლას აპირებდა, რა დროსაც ღრმა ჭრილობა დაუტოვა მხარზე. ლომის მდგომარეობა უიმედო იყო და მის დაძინებას აპირებდნენ.
ბერბეროვმა ადმინისტრაციას სთხოვა, ლომი მისთვის მიეცათ. უარი ვერ უთხრეს. ლომს კინგი დაარქვეს, გაზარდეს და სიარულიც კი ასწავლეს. მტაცებელი დიდი არ გაიზარდა და ძალიან კეთილი იყო. მისთვის ოთახიც გადააკეთეს. მოსასვენებლად შექმნეს სპეციალური „ანტრესოლი“, გვერდით დიდი მანქანის საბურავი დაკიდეს. მეზობლები ლომით აღფრთოვანებულები არ იყვნენ, ვინაიდან ის ადგილებს ნიშნავდა და ღამე ხმამაღლა ღრიალებდა. ლევს ლომი ძაღლივით საბელით გამოჰყავდა გარეთ და ესეც ძალიან აშინებდა მოსახლეობას.
მალე ბერბეროვს ახალი იდეა გაუჩნდა. მან გადაწყვიტა, კინგისგან კინოვარსკვლავი შეექმნა. კინგის ხილვა შეძლება ელდარ რიაზანოვის ფილმში „იტალიელების წარმოუდგენელი თავგადასავალი რუსეთში“. რეჟისორი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ლომი ძალიან კეთილი იყო, მაგრამ კინოსთვის გამოუსადეგარი, ვინაიდან მას არავინ წვრთნიდა. ბერვეროვის სურვილი – კინგი დიდ სცენაზე ენახა – ტრაგედიის მიზეზი გახდა. ცნობილი კომედიის გადაღების დროს ლევსა და მის ოჯახს თავისუფალი სკოლა დაუთმეს საცხოვრებლად.
ერთხელ კინგმა ფანჯარაში პატარა ძაღლი დაინახა. ცხოველი ძალიან ჰგავდა იმ ძაღლს, რომელიც ბერბეროვებს სახლში ჰყავდათ. ლომს „მეგობრის“ დანახვა გაუხარდა, ფანჯარა გატეხა და ძაღლთან სათამაშოდ გაიქცა. ცხადია, ძაღლმა ადგილიდან მოკურცხლა, მაგრამ მისი პატრონი მოუხერხებელი აღმოჩნდა. მართალია, ახალგაზრდა ბიჭი გაიქცა, თუმცა კინგი ზუსტად ამ დღეებში სწავლობდა ილეთს, რა დროსაც უნდა გაკიდებოდა მსახიობს, დაეჭირა ის და არ გაეშვა. როდესაც კინგი ბიჭს დაეწია და მიწაზე დააგდო, შემთხვევით, კეფაზე ჭრილობა მიაყენა. ბიჭის დასახმარებლად 15 წუთში მივიდნენ – შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიციელი, ალექსანდრ გუროვი. პირველი გასროლით, მან ცხოველი დაჭრა, თუმცა იცოდა, რომ დაჭრილი ცხოველი უფრო სახიფათო იქნებოდა, ამიტომ ყოყმანის გარეშე კიდევ ესროდა მანამ, სანამ არ მოკლა.
ახალგაზრდა ბიჭი სისხლისგან იცლებოდა, თუმცა ის გადაარჩინეს. მისი მდგომარეობა ბერბეროვებს ნაკლებად აღელვებდათ. ადგილზე მისულმა ცხოველის პატრონებმა გუროვის შეურაცხყოფა და მისი დადანაშაულება დაიწყეს.
გავლენიანმა არქიტექტორმა, სერიოზული პრობლემები შეუქმნა პოლიციელს, რომელსაც სამსახურიდან გაშვებითაც კი ემუქრებოდნენ.
მომხდარმა არაფერი ასწავლა ბერბეროვებს. მათმა გულშემატკივრებმა ლევს ახალი ბოკვერი აჩუქეს, მანაც სიხარულით მიიღო საჩუქარი. ახალ ბოკვერს, ასევე, კინგი დაარქვეს და მასთან სათამაშოდ, პატარა პუმაც აიყვანეს. ახალი კინგი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მხოლოდ მამაკაცებს უჯერებდა – ლევს და მის შვილს, რომანს. როდესაც კინგი გაიზარდა, მისგანაც სცადეს მსახიობის გამოძერწვა. ფილმის -„მე მყავს ლომი“ – გადაღებისას კინგმა გადამღები ჯგუფის ორი მსახიობი დაჭრა.
როდესაც ლევი დაიღუპა, მის მეუღლეს, ნინას ძალიან გაუჭირდა ლომთან გამკლავება. ერთხელ არაფხიზელმა მეზობელმა ლომის გაბრაზება გადაწყვიტა და მის ფანჯრებს პლასტმასის ნაჭრებს ესროდა. ნინამ შეამჩნია ეს და მეზობელს ეჩხუბა, თუმცა ლომმა გაბრაზება მოასწრო და უცნაურად მოქცევა დაიწყო.
თავის „ანტრესოლზე“ ახტომისას კინგი ჩამოვარდა და ზურგზე დაეცა, რის შემდეგაც მოულოდნელად თავს დაესხა ნინას. ერთი დარტყმით, კინგმა, ფაქტობრივად, სკალპი ახადა ქალს. რომანმა, რომელმაც ყველაფერი დაინახა, ლომს უყვირა, მაგრამ მტაცებელი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ის არ რეაგირებდა ბრძანებებზე. კინგი გადახტა და თათის დარტყმით, ბიჭს კისერი მოსტეხა. ნინამ ბიჭის აყვანა მოასწრო, ფიქრობდა, რომ ის ცოცხალი იყო და სააბაზანოში შეიმალა, საიდანაც დახმარებას ითხოვდა. შემდეგ მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. ლომი ფანჯრიდან მოკლეს, თან პუმასაც ესროლეს, რომელიც სახლიდან გამოიპარა. ქალი საავადმყოფოში გაგზავნეს, ბიჭი კი, მორგში.
დედას შვილის გარდაცვალებაზე არაფერს ეუბნებოდნენ – მან ამის შესახებ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გაიგო. ამის შემდეგ ის კვლავ ჩაწვა, ამჯერად გულის გამო. რთულ მომენტში მის ოჯახს მეგობრები ეხმარებოდნენ, მათ შორის იყო ერთი მსახიობი, კიაზიმ აბდულაევი. ის ქალის მეუღლე გახდა, როდესაც ნინა გამოჯანმრთელდა და მდგომარეობიდან გამოვიდა. აბდულაევმა ნინას გოგონა შვილივით მიიღო, მოგვიანებით კი, წყვილს კიდევ ორი შვილი გაუჩნდა. ცხადია, ლომი მათ სახლში აღარ ყოფილა.