„მე ვიგონებდი ენას, რათა ადამიანებს ერთმანეთის დანახვა შეძლებოდათ“ – ფრანჩესკა ვუდმანის ცხოვრება და სიკვდილი

ფრანჩესკა ვუდმანი სულ რაღაც 22 წლის იყო, როდესაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ნიჭიერმა ახალგაზრდა ფოტოხელოვანმა სიკვდილის შემდეგ უამრავი შთამბეჭდავი ნამუშევარი დატოვა. მისი მემკვიდრეობა შეადგენს 800 ფოტოს და 10 ათასზე მეტ ნეგატივს, რომელთა შემხედვარე ვერ იფიქრებ, რომ მათი ავტორი, თითქმის, ბავშვი იყო.

სიცოცხლეში ფრანჩესკა იყო უცნობი ნიუ-იორკელი ხელოვანი, რომელიც საყვარელი საქმით – ფოტოგრაფიით იყო დაკავებული. ვუდმანზე, როგორც გენიოსზე, მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყეს საუბარი.

„მე ვიგონებდი ენას, რათა ადამიანებს ერთმანეთის დანახვა შეძლებოდათ,“ – წერდა საკუთარ დღიურში გოგონა 1981 წლის 19 იანვარს, სანამ სიკვდილთან შესახვედრად ფანჯრიდან ფეხს გადადგამდა. ფრანჩესკა მართალი იყო – ხალხმა დაინახა ეს და ახლა მისი ნამუშევრების გარეშე XX საუკუნის ხელოვნების წარმოდგენა შეუძლებელია.

ფრანჩესკა დენვერში დაიბადა, შტატ კოლორადოში, აშშ-ში, ხელოვანანების: ჯორჯ და ბეტი ვუდმანების ოჯახში. ფოტოგრაფიით ფრანჩესკა ჯერ კიდევ სკოლაში დაკავდა და მთელ თავისუფალ დროს ხელოვნებას უთმობდა.

ვუდმანის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ოჯახი მთელ ზაფხულს ატარებდა იტალიაში, სადაც გოგონა თავისი თვალით ხედავდა რენესანსის ეპოქის ფერმწერთა და სკულპტორთა ნამუშევრებს. მისი მეგობრები იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ სკოლის დროს ფრანჩესკა ძალიან კარგად ერკვეოდა XVI საუკუნის ხელოვნებაში და ამ ეპოქის ძალიან ბევრ ხელოვანს იცნობდა.

როდ-აილენდის ხელოვნების სკოლაში ჩაბარებისას ფრანჩესკა ვუდმანი უკვე სრულიად ჩამოყალიბებული ხელოვანი იყო. გოგონას თავისი ინდივიდუალური სტილი და განუმეორებელი ტექნიკა ჰქონდა. მან ერთი წელი გაატარა საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით, რაც მისთვის ბედის დიდი საჩუქარი აღმოჩნდა.

ამ პერიოდს შეიძლება ეწოდოს ხელოვნების ნახტომი და აღმოჩენების დრო. ფრანჩესკა დიდ დროს ატარებდა გამოფენებზე, მაგრამ მისი საყვარელი ადგილი იყო საგამოფენო მაღაზია Libreria Maldoror. აქ ჩატარდა მისი პირველი გამოფენა და ზუსტად აქ ეზიარა ის სიმბოლიზმსა და სიურეალიზმს ფოტოგრაფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

ვუდმანის აზროვნება, ისევე როგორც ყველა სხვა ხელოვანის, უჩვეულო იყო. გოგონა ვიზუალური კატეგორიებით ფიქრს მიეჩვია.

თვითმკვლელობის პირველი მცდელობა ვუდმანს 1980 წელს, შემოდგომაზე ჰქონდა. ფრანჩესკა გადარჩა და საავადმყოფოდან გამოწერეს, ის მანჰეტენზე გადავიდა საცხოვრებლად მშობლებთან. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოსცა წიგნი „ზოგიერთი მოუწესრიგებელი შიდა გეომეტრია“, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა.

ვუდმანს ეჩვენებოდა, რომ მას ბოროტება თან დასდევდა. თავიდან მას უარი უთხრეს გრანტზე, შემდეგ კი, ველოსიპედი მოჰპარეს. ეს ყველაფერი რთული რომანტიკული ურთიერთობების და სრული დეპრესიის ფონზე ხდებოდა.

შეძლება ითქვას, რომ ფრანჩესკა ყოველდღიურობამ დაანგრია. გოგონას ბოლო ფოტოები უიმედობითაა გაჯერებული – მათში ის დაბნეული და განადგურებულია, გარშემო მას მხოლოდ ბზარებითა და შპალერის ნაკუწებით სავსე კედლები აკრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები