„მომავალი კვირიდან “სი-ტი პარკს” თბილისიდან აძევებენ“

   თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „სი-ტი პარკთან“ დაკავშირებით საკრებულოში საკითხი უახლოეს მომავალში იქნება წამყენებული, რაზეც მოსმენა დაინიშნება. „სი-ტი პარკის“ შესახებ ისაუბრა დავით ნარმანიამ.
„ჯერ ვაცლით, რადგან ახლა დამტკიცდა თბილისის მთავრობა. სავარაუდოდ, უკვე მეორე კვირაში ამ საკითხს დავსვამთ საკრებულოში და მოსმენას დავნიშნავთ. ამ სხდომაზე მოვითხოვთ, რომ ამ 7 წლით გასაიდუმლოებული ხელშეკრულების მუხლები გახდეს საჯარო და ეს ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. მოკლედ, მომავალ კვირას უკვე უნდა დაისვას „სი-ტი პარკის“ ქალაქიდან გაძევების საკითხი“, – განუცხადა „ალიას“ ელისაშვილმა.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეჭვობს, რომ „სი-ტი პარკის“ საქმესთან დაკავშირებით, გიგი უგულავას მსგავსად, თბილისის მერიის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც მოუწევთ პასუხის გაცემა.
“კონკრეტულად, ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ვინ რაშია გარეული, მაგრამ მარტო გიგი უგულავა რომ არ იქნება ამ საქმეში, ამის ძალიან დიდი ეჭვი მაქვს. ვინც არ უნდა იყოს გარეული ამ კონტრაქტში, მერიის ნებისმიერმა ყოფილმა ჩინოვნიკმა უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს, რომელი სამსახურის ყოფილი უფროსიც არ უნდა იყოს. მეც ასე მგონია, კიდევ ბევრის თავი დაგორდება“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები