„გიჟი სერბი“ – დიდი მეცნიერის, ნიკოლა ტესლას 5 უცნაურობა
1856 წლის 10 ივლისს, 166 წლის წინ დაიბადა სერბული წარმოშობის ლეგენდარული ამერიკელი გამომგონებელი ნიკოლა ტესლა. ის, ალბათ, ბოლო საუკუნეების ყველაზე „იდუმალი მეცნიერია“. მან აღმოაჩინა ალტერნატიული დენი, ფლუორესცენტური შუქი და უსადენო ელექტროგადამცემი, ააშენა პირველი ელექტრო საათი, ტურბინა. მეცნიერს მიეწერება პარანორმალური შესაძლებლობები და აღმოჩენები, რისთვისაც მისი თანამედროვეები, სავარაუდოდ, მზად არ იყვნენ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხასიათითა და ცხოვრების წესით, ტესლა არავის ჰგავდა. კიდევ ერთმა ცნობილმა გამომგონებელმა, თომას ედისონმა, თავის კონკურენტს საჯაროდ „გიჟი სერბიც“ უწოდა.
უცნაური ფაქტები ტესლაზე
1. ფობიები, ხილვები და აკვიატებები ტესლას ხუთი წლის ასაკში დაეწყო. აღელვებულმა დაინახა სინათლის ძლიერი ციმციმი. ის ბევრს კითხულობდა და წიგნების გმირებმა, როგორც თავად აღიარა, მასში „უფრო მაღალი დონის არსება“ გააღვიძეს.
„უჩვეულო ხილვები ხშირად მქონდა, რომელთაც თან ახლდა აუტანლად კაშკაშა ციმციმი. ისინი იწვევდნენ საშინელ ტანჯვას, ამახინჯებდნენ რეალური საგნების გარეგნობას, მირევდნენ აზროვნებასა და ხელს მიშლიდნენ მუშაობაში. ვის აღარ მივმართე, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ შეძლო დამაკმაყოფილებელი ახსნის მიცემა ამ უჩვეულო მოვლენისთვის. ვფიქრობ, ისინი უნიკალურია. ეს საჩუქარი, ალბათ, დაბადებიდან მივიღე, რადგან ჩემი ძმაც იმავეს განიცდიდა“ , – ამბობდა ტესლა.
2. ტესლა ჯიუტად ამუშავებდა საკუთარ თავში ნებისყოფას, ცდილობდა მოეპოვებინა სრული კონტროლი საკუთარ თავზე.
გამომგონებელი ჯერ ცუდ ჩვევას „აიკიდებდა“, შემდეგ კი, აიძულებდა საკუთარ თავს, უარი ეთქვა მასზე. ასე აღწერს ის მოწევის, ყავისა და აზარტული თამაშების მიტოვებას:
„იმ დღეს და იმ თამაშში დავძლიე ჩემი ვნება და ისე მარტივად, რომ ვნანობ კიდეც, რომ ასჯერ ძლიერი არ იყო. მე არამარტო შევიკავე, არამედ გულიდან ამოვაგდე, რომ სურვილის კვალიც არ დარჩენოდა. მას შემდეგ ნებისმიერი აზარტული თამაში ჩემთვის ისეთივე საინტერესოა, როგორც კბილების ჩიჩქნა. იყო პერიოდი, როცა ისე გავხდი მოწევაზე დამოკიდებული, რომ ჯანმრთელობის შელახვის საფრთხე მემუქრებოდა, მაგრამ შემდეგ ჩემი ნება ჩაერია და მე არა მხოლოდ შევაჩერე, არამედ დავთრგუნე მოწევისადმი ოდნავი ლტოლვაც. მრავალი წლის წინ გულმა მიმტყუნა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ეს დილის ყავის ბრალი იყო, მაშინვე მივატოვე, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს არც ისე ადვილი საქმე იყო. ამგვარად ვაკონტროლებდი და ვათვინიერებდი სხვა ჩვევებსა და ვნებებს, რამაც არა მარტო სიცოცხლე გადამარჩინა, არამედ დიდი კმაყოფილებაც მომცა. თუმცა, ვინმესთვის ეს, ალბათ, მსხვერპლი იქნებოდა“.
3. ენერგიული და ამავდროულად, ექსტრავაგანტური იყო – სეირნობის დროს მოულოდნელად სალტოს გაკეთება შეეძლო.
4. ტესლა ამტკიცებს, რომ ადვილად იმახსოვრებდა ფორმულებს და ტექსტის მთელ გვერდებს, ერთი შეხედვით. ამან მას საშუალება მისცა, „ამოეღო“ წიგნები მეხსიერებიდან და სიტყვასიტყვით წაეკითხა. ერთ დღეს პარკში სეირნობისას მან ზეპირად წაიკითხა გოეთეს ფაუსტი და იპოვა გამოსავალი იმ პრობლემისა, რომელიც მას აწუხებდა.
„როდესაც მე, ფიქრებში ჩაძირულმა, პოეტის გამომსახველობით აღფრთოვანებულმა, ბოლო სიტყვები წარმოვთქვი, გადაწყვეტილება ელვისებურად მოვიდა. მე მომენტალურად დავინახე ყველაფერი და ხელჯოხით დავხატე დიაგრამები ქვიშაში, რომელიც მოგვიანებით უფრო სრულად იყო გადმოცემული მაისში ჩემს მთავარ პატენტებში.“
5. ტესლა ყოველდღე დადიოდა მრავალი საათის განმავლობაში და თანაც, მარტო. მას სჯეროდა, რომ სიარული ასტიმულირებდა აზროვნების მუშაობას და ამაში არავინ უნდა ჩარეულიყო.