ქართველ-ამერიკელი მწერალი, პავლე ჭავჭავაძე და მისი საინტერესო ისტორია
მწერალ პავლე ჭავჭავაძეს ძალიან საინტერესო საგვარეულო ნუსხა აქვს. იგი პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალია. მისი პაპა, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე (1824–1905) დაქორწინებული იყო მარიამ ჭავჭავაძეზე (1849–1921), ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ასულზე. პავლე ჭავჭავაძის მამა – ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე (1870–1931) რუსეთის არმიის გენერალი, მრავალი ჯილდოს მფლობელი და მამაცი მხედარი იყო. დედა – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის – მიხეილ როძიანკოს ძმისშვილი, დედოფლის ფრეილინა მარია პავლეს ასული როძიანკო (1877–1958). ალექსანდრე ჭავჭავაძე და მარია როძიანკო 1896 წელს პეტერბურგში დაქოწინდნენ და 1899 წლის 27 ივნისს იქვე შეეძინათ უფროსი ვაჟი პავლე. მის გარდა კიდევ ჰყავდათ ორი შვილი – გიორგი (იური) შემდეგში პარიზში მოღვაწე ნიჭიერი პიანისტი და მარინა, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა.
მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ. მოგვიანებით მარია როძიანკო თავად ტრუბეცკოის გაჰყვა ცოლად და შვილებით ინგლისში გადასახლდა. ალექსანდრე კი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1922 წელს ის ოლგა სუხომლინაზე დაქორწინდა. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ქართულ არმიაში მსახურობდა. გასაბჭოების შემდეგ თადარიგში გავიდა. 1930 წელს კონტრრევოლუციური მოღვაწეობის ბრალდებით დაიჭირეს და დახვრიტეს.
პავლე ჭავჭავაძემ 1917 წელს დაამთავრა გიმნაზია. პეტერბურგიდან მამასთან წინანდალში ორჯერ იყო ჩამოსული. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ინგლისში გადასახლდა. დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი, სადაც მეგობრობდა ვლადიმერ ნაბოკოვთან.
1922 წელს ლონდონში პავლე ჭავჭავაძე დაქორწინდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილ ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე. ისინი ერთმანეთს პირველად ბავშვობაში 1908 წელს რომში, ინგლისის საელჩოში გამართულ წვეულებაზე შეხვდნენ. პრინცესა ნინას, როგორც რუსეთის სამეფო ოჯახის წევრს, უფლება ჰქონდა, პარტნიორი თავად შეერჩია და მან პავლე აირჩია. მრავალი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ლონდონში. ნინას ბაბუა, მიხეილი კავკასიის მეფისნაცვალი იყო. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მიხეილის ოჯახს უყვარდა საქართველო და პატივისცემით ეპყრობოდა ქართულ კულტურას. მიხეილის სახელს უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მისი სახელი ერქვა აღმაშენებლის გამზირს – “მიხეილის პროსპექტი” და თბილისის პირველ საავადმყოფოს “მიხეილის საავადმყოფო”.
1924 წელს პავლე ჭავჭავაძესა და ნინა რომანოვას შეეძინათ დავითი. 1926 წელს პავლე ჭავჭავაძე ცოლ–შვილით ინგლისიდან ამერიკაში გადასახლდა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. II მსოფლიო ომის წლებში პავლე ჭავჭავაძე მაიორის ჩინით მსახურობდა ამერიკის არმიაში, მისი ვაჟი დავითი – სერჟანტად სამხედრო–საჰაერო ძალებში. ომის შემდეგ პავლე სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა. დავითი კი 1948 წელს “ცერეუს” აგენტი გახდა (გადადგა 1974 წ.). 1950–იან წლებში პავლე ჭავჭავაძე “წითელი ჯვრის” თანამშრომელია და საბჭოთა კავშირის გარდა მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.
მიუხედავად იმისა, რომ პავლე ჭავჭავაძე ძირითადად პეტერბურგში ცხოვრობდა და სრულიად ახალგაზრდა აღმოჩნდა ემიგრაციაში, ქართული არ დავიწყებია და არც ქართველებთან ურთიერთობა გაუწყვეტია. ის იყო ნიუ–იორკის ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი მონაწილე. 1932 წლის 31 იანვარს სათვისტომოს საზეიმოდ კურთხევის შემდეგ გამართული ნადიმი 12 საათს გაგრძელდა – დღის 3 საათიდან ღამის 3 საათამდე. ნადიმზე თამადად უჩა დადიანი იყო არჩეული, მის თანაშემწეებად კი გიორგი მაჩაბელი და პავლე ჭავჭავაძე.
პავლე ჭავჭავაძემ წერა მოგვიანებით 50 წლის ასაკში დაიწყო. პირველი რომანი – “საოჯახო ალბომი” ავრტობიოგრაფიული ხასიათისაა: ერთ თავში აღწერილია მისი ცხოვრება წინანდალში. 1952 წელს გამოქვეყნდა რომანი “მთები ალაჰისა”, რომელშიც აღწერილია მისი წინაპრების ისტორია, შამილის მიერ წინანდლიდან დავით ჭავჭავაძის ოჯახის გატაცება. რომანმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა. 1955 წელს გამოქვეყნებულ რომანში – “მამა ვიკენტი” მოგვითხრობს რუს მღვდელსა და მის ნიუ–იორკელ მრევლზე. 1966 წელს ოქტომბრის რევოლუციის შესახებ გამოცემული წიგნი კი – “რამეთ იდგა შავბნელი ღამე” – ხუთი წლის შემდეგ ხელახლა გამოიცა. თამაზ ნატროშვილის მიერ თარგმნილი ამ რომანის ერთი ნაწილი, რომელიც ნიკოლიზ II-ის ოჯახის დახვრეტის შესახებ მოგვითხრობს, დაიბეჭდა ჟურნალ “ჩვენს მწერლობაში”. თავის საჯარო ლექციაში მთარგმნელმა თამაზ ნატროშვილმა აღნიშნა: 1960-იან წლებში, როცა ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ნაბაკოვის რეკომენდაციით, პავლე ჭავჭავაძემ რუსულიდან ინგლისურად თარგმნა სტალინის ქალიშვილის სვეტლანა ალიულუევას წიგნი “მხოლოდ ერთი წელიწადი”.
პავლე ჭავჭავაძე 1971 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.