ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, გზების სრული რეაბილიტაცია სატყეოს ქუჩაზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 10 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 397 000 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე ადგილზე გაეცნენ.
„აღნიშნულ მისამართზე რთული მდგომარეობა იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. უახლოეს მომავალში მათ ეს დისკომფორტი აღარ ექნებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოწესრიგდება საკომუნიკაციო ჭები, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.