როგორ გაყიდა თაღლითმა ბრუკლინის ხიდი
აშშ-ში არსებობს საინტერესო გამოთქმა: „მას შეიძლება ბრუკლინის ხიდიც მიჰყიდო!”. ასე ამბობენ ადამიანებზე, რომლებიც ზედმეტ გულუბრყვილობას ავლენენ ფინანსურ საკითხებში. რასაკვირველია, ეს ფრაზა უბრალოდ არ გაჩენილა. თაღლითი სახელად ჯორჯ პარკერი მრავალი წლის განმავლობაში, წარმატებით ყიდდა ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობას. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მას მყიდველები ჰყავდა.
ბრუკლინის ხიდი გაიხსნა 1883 წლის 24 მაისს. უკვე პირველ დღეს, დაახლოებით, 150 000 ადამიანმა ისარგებლა ნაგებობით. რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ხიდი ძალიან არასანდო იყო და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამონგრეულიყო. მისი სიძლიერის დასამტკიცებლად, ნიუ-იორკის ხელისუფლებამ თამამი ნაბიჯი გადადგა: ცირკიდან 21 სპილო იქირავა და ხიდზე გადაიყვანა. მალე გაჩნდნენ მსურველები, რომელთაც ხიდის ყიდვა-გაყიდვა „მოუნდათ“.
თავად ჯორჯ პარკერის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ის ნიუ-იორკში დაიბადა და პირველად მეგობრებთან კამათის შემდეგ გადაწყვიტა ბრუკლინის ხიდის გაყიდვა. მან დაარწმუნა ისინი, რომ ყველაფრის გაყიდვა შეეძლო. მეგობრებმა ხუმრობით შესთავაზეს ჯორჯს, ბრუკლინის ხიდის გაყიდვა ეცადა. ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო.
ის ხალხს სწორედ ხიდზე ეცნობოდა და ეუბნებოდა, რომ მისი მფლობელი იყო, მაგრამ გაყიდვა გადაწყვიტა. შემდეგ პარკერი უხსინდა დაინტერესებულ ადამიანებს, თუ რამდენად მომგებიანია ასეთი მშვენიერი ნაგებობების ფლობა. „ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაკეტოთ იგი ბარიერით და აიღოთ ფული ფეხით მოსიარულეებისგან და მანქანების მძღოლებისგან“ – ამბობდა პარკერი.
ჯორჯ პარკერი, მართლაც, გამყიდველად იყო დაბადებული: მან იპოვა ისინი, ვისაც სურდათ ამ შესანიშნავი ხიდის ყიდვა და გარიგება ყალბი საბუთებით შეადგინა. თუ მყიდველს არ ჰქონდა საჭირო თანხა, პარკერი დათმობაზე მიდიოდა – ის ნებას რთავდა, ხიდი კრედიტით ეყიდა და თანხა განვადებით გადაეხადა.
კლიენტი კმაყოფილი წავიდა. ის ხომ უზარმაზარ ქალაქში მთელი ხიდის მფლობელი გახდა… ეჭვიც კი არავის ეპარებოდა, რომ ნიუ-იორკში შეუძლებელი იყო ქალაქის ქონების კერძო პირზე გაყიდვა. როგორც კი „მფლობელმა“ ხიდით სარგებლობის საფასურის ასაღებად საგუშაგოს შექმნა სცადა, მაშინვე პოლიცია გამოჩნდა.
თავად ჯორჯ პარკერმა უძრავი ქონების ოფისიც კი გახსნა. თაღლითისთვის მხოლოდ ბრუკლინის ხიდი არ იყო საკმარისი, მის ინტერესებში სხვა ობიექტებიც შედიოდა. მაგალითად, მან წარმატებით „გაყიდა“ ნიუ-იორკის სპორტული კომპლექსი „Madison Square Garden“, თავისუფლების ქანდაკება, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი… ყველა მყიდველმა მიიღო ისეთივე ყალბი სერტიფიკატი, როგორც ბრუკლინის ხიდის ბედნიერმა „მფლობელებმა“.
თუმცა, ყველაფერი ოდესმე მთავრდება. 1928 წელს ჯორჯ პარკერი დააპატიმრეს. 17 დეკემბერს სასამართლომ თაღლითს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოსახდელად, პარკერი გაგზავნეს სინგ სინგის ციხეში, რომელიც ნიუ-იორკიდან 48 კილომეტრში მდებარეობს. ამ ციხეში მან 8 წელი გაატარა და იქვე გარდაიცვალა 1936 წელს.