„ოლიმპიადის რუკაზე საქართველო წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს“

 ოლიმპიადის ოფიციალურ რუკაზე საქართველო წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.
“ჩვენ ვაკვირდებით აბსოლუტურად ყველა პროცესს, რაც ოლიმპიადასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ ასევე ვნახეთ ოლიმპიადის ოფიციალური რუკა და საქართველო წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს, ამიტომ ვფიქრობ, ის კადრები, რომლებზეც თითქოს ჩანს ნისლი და თითქოს ჩრდილი ადგება რეგიონებს, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან იქ, სადაც უნდა იყოს დაფიქსირებული – ოფიციალურ რუკაზე საქართველო არის ერთიანი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელები – ლეონიდ თიბილოვი და ალექსანდრე ანქვაბი იქ, როგორც კერძო პირები, ისე იმყოფებიან.
“ისინი ჩავიდნენ, ჩვენი ინფორმაციით, როგორც კერძო პირები და არ ვთვლით, რომ ამაზე ყოველ წუთს სერიოზული კომენტარები უნდა ვაკეთოთ. ჩვენ მივიღეთ გარანტიები, რომ არ იქნება ღია ტიპის პროვოკაციები, თუმცა, რა თქმა უნდა, დაზღვეული არაფრისგან არ ვართ და მაინც ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს. თუ ადგილი ექნება რაიმე ტიპის პროვოკაციას, საქართველო შესაბამის რეაგირებას მოახდენს”, – აღნიშნა ციხელაშვილმა. სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მკაფიოდ არ აღიქმებოდა. ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს სპორტულ დელეგაციას მედროშე, სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური მიუძღოდა. ხუთჯვრიანი დროშებით გაიარეს სცენაზე საქართველოს სპორტული დელეგაციის სხვა წევრებმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები