“საქართველოს ბოლო თვეების წინდახედულობა” – ცხინვალში ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერის ოპტიმიზმის საფუძველი დაინახეს
“საქართველოს მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გამოვლენილი, გარკვეული თავშეკავება და წინდახედულობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე კონსტრუქციული დამოკიდებულების გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა”, – განაცხადა ჟენევის დისკუსიებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე კოჩიევმა ეუთო-ს, გაერო-ს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე.
მანვე აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის შემუშავებაში პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
“უსაფრთხოების გაძლიერება ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანია. ჩვენ შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია უცხოელი აქტორების მოწოდებები საქართველოსადმი, გამოიყენოს არსებული მომენტი ძალისმიერი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ასევე, საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის აქტიური განვითარება უცხოელ პარტნიორებთან, რაც ასევე ზრდის უსაფრთხოების რისკებს კავკასიის რეგიონში. მიგვაჩნია, რომ ახალმა გამოწვევებმა უნდა გაააქტიუროს მუშაობა და პოზიტიური დღის წესრიგი“, – აღნიშნა კოჩიევმა.
მისი თქმით, “ამავდროულად, საქართველოს მიერ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული თავშეკავებისა და წინდახედულების გამოვლენა, იძლევა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე კონსტრუქციული დამოკიდებულების პერსპექტივასთან დაკავშირებით”.
„მოველით, რომ ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის ჩასატარებლად, ამჟამად, არავითარი წინაღობა არ არსებობს“, – დაასკვნა კონსტანტინე კოჩიევმა.