სამთავრობო პროგრამის ანგარიში: ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა

“ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გამკაცრდა კანონმდებლობა და ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 წელი, ცალკეულ შემთხვევებში სასჯელი უფრო მკაცრია და უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს”,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.

“აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დაკავებულ იქნა 149 ნარკორეალიზატორი და ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 19 პირი, გამოვლინდა 7 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ე. წ. „დრაგშოპი“ და 1 ნარკოლაბორატორია, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა: 17,5 კილოგრამი ჰეროინი, 1,5 კილოგრამი ალფა პვპ, 12,5 კილოგრამი კოკაინი, 5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო აქტიურად და წარმატებულად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. საანგარიშო პერიოდში, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე განხორციელდა ერთობლივი საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება, მაგალითად, 2021 წლის ივლისში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში უკრაინის რესპუბლიკაში ამოღებულ იქნა 368 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც დასავლეთ ევროპისთვის იყო განკუთვნილი და დაკავებულ იქნა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაგრძელდა ნარკოდანაშაულის გამოძიების საკითხებზე გამომძიებელთა გადამზადება”,- ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები