მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას ქმნის
საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ქმნის. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” უწყებათშორისი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
საბჭოს წევრ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის – ეკა ბესელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთიანი სტრატეგია, რომლითაც ხელისუფლება იხელმძღვანელებს, 7 წელზე იქნება გათვლილი. “იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია, რომელიც იქნება 7 წელზე გათვლილი. ეს კონცეფცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძირითადი პრიორიტეტების თავმოყრას და იმის განსაზღვრას, რა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად უნდა იყოს მიმართული ხელისუფლების ერთიანი ქმედება. დღეს ამ პროექტზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ, როცა უწყებათშორისი კომისია დაასრულებს მუშაობას. სავარუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის, კონცეფცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და ის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცოს. ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც ქვეყანამ შემდეგ წლებში უნდა იხელმძღვანელოს “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, სტრატეგიაში გათვალისწინებულია თომას ჰამარბერგის, ასევე ევროსაბჭოს რეკომენდაციები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის აუცილებელი ნაბიჯები.