თამაზ ბაკურიძე: ხალხი ხვდება, რომ ხელისუფლებაში “ნაცების” დაბრუნება ქვეყნის ომში ჩათრევას ნიშნავს, ამიტომაც, მათ მიერ დაგეგმილ მიტინგებზე ბათუმი სულ უფრო და უფრო ნაკლებად აქტიურობს
“ასლან აბაშიძესა და მე ბოლოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ გვქონდა. მაგრამ აბაშიძე იყო მართალი, როცა უცხოელებზე გოჯ მიწას არ ყიდდა. მოვიდა თუ არა სააკაშვილი, მთელი ბათუმი თურქებს მიჰყიდა, ამიტომ ბათუმი ფაქტობრივად უკვე აღარც არის ქართული ქალაქი”,- ამის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ხალხი ხვდება რომ “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყნის ომში ჩათრევას ნიშნავს, ამიტომაც მათ მიერ დაგეგმილ მიტინგებზე ბათუმი სულ უფრო და უფრო ნაკლებად აქტიურობს.
“წლევანდელი 6 მაისი ანუ გიორგობა, რომელსაც “ნაცები” “აჭარის რევოლუციის” დღეს უწოდებენ, სააკაშვილის სექტამ ბათუმში მოკრძალებულად აღნიშნა, რადგან 500 კაცამდე ძლივს შეაგროვეს და აქედან უმრავლესობა ჩამოყვანილი ხალხი იყო. მაგალითად თერჯოლიდან ჩამოსულმა სტუმარმა ვერაფრით ახსნა, რისთვის იყო ბათუმში და ვის უჭერდა მხარს. მოკლედ წელს, რომ სიხალვათე ჰქონდა “ნაცებს’ ეგეთ არ მახსოვს.
მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბათუმის ქუჩებში ხშირად გაიგონებთ – სააკაშვილი რომ იყოს ქვეყნის სათავეში, ჩვენც უკრაინის დღეში ვიქნებოდითო. ხალხი ხვდება რომ ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყნის ომში ჩათრევას ნიშნავს, ამიტომაც მათ მიერ დაგეგმილ მიტინგებზე ბათუმი სულ უფრო და უფრო ნაკლებად აქტიურობს. ერთი რამ ვიცოდეთ: 2004 წელს ასლან აბაშიძე ბათუმიდან აჭარის მოსახლეობას არ გაუშვია. იმ ხალხის უმრავლესობა რომელიც ე.წ. აჭარის რევოლუციაში მონაწილეობდა, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან იყო ჩამოყვანილი და ტრანსპორტირებას ხელმძღვანელობდნენ – ზურაბ ჟვანია, გიორგი ბარამიძე, ნინო ბურჯანაძე და სხვა ნაცლიდერები…
2004 წლის 6 მაისს მოხდა შემზარავი ფაქტი – ასლან აბაშიძის სავარძელი გამოიტანეს და დიდი მემედ აბაშიძის ძეგლს მუხლებში ჩააწვეს. ეს გააკეთეს ჩამოსულებმა, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ ვინ იყო მემედ აბაშიძე და მხოლოდ სააკაშვილის ბრძანება შეასრულეს. სააკაშვილმა ამით თურქეთის საკონსულოს, რომელიც მემედ აბაშიძის ძეგლიდან 30 მეტრში იდგა, ნიშანი მისცა – “აწი ასე მიეცემა ცეცხლს აჭარაში ყველა ის საქმე რის განხორციელებაშიც თავის დროზე მემედ აბაშიძე ხელს გიშლიდათ და მეოცე საუკუნის დასაწყისში აჭარა ხელიდან გამოგგლიჯათ”. დიდი მემედის ძეგლი საერთოდ მოაშორეს იქაურობას და ბიზნესმენ მიშა ოსაძის სადარბაზოსთან მიაგდეს საცოდავად… აქედან დასკვნა, რატომ გვიკვირს ის რაც დღეს სალიბაურის დასახლებაში ხდება? სწორედ სალიბაურში სააკაშვილმა დედამისის თურქ მეგობარს 1 ლარად აჩუქა ლავრენტი ბერიას აგარაკი. სალიბაური უმშვენიერესი და ძვირადღირებული დასახლებაა ბათუმში, იგი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და იქიდან მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანს. იქ არსებული ლავრენტი ბერიას აგარაკი ასლან აბაშიძის დროს ძვირფასი სტუმრების მოსასვენებლად გამოიყენებოდა. შენობა უნიკალურია იმით, რომ ლავრენტი ბერიას შეკვეთით აქვს საიდუმლო გვირაბები, რომელიც კაციშვილმა არ იცის საით მიემართება. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიღაც გვირაბი ზღვაშიც კი შედის, მაგრამ სად და როგორ ალბათ ერთ-ორ კაცს ეცოდინება… აი სწორედ ასეთი სტრატეგიული შენობა მიასხვისა ნაძირალა სააკაშვილმა ფეშენებელური სასტუმრო “შერატონის” მეპატრონეს.
გარდა ამ შენობისა სააკაშვილმა გიული ალასანიას თურქ მეგობარს ასევე აჩუქა ბერიას აგარაკის გარშემო მდებარე 27 ჰექტარი უნიკალური ტერიტორია, რომელიც დღეს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ღირს. ეს თურქი რომელიც ახლა უკვე მოხუცია და საქართველოში იშვიათად ჩამოდის, თავისი მოურავების მეშვეობით სალიბაურის მოსახლეობას ავიწროებს.
ამ დღეებში იქაურ მოსახლეობასთან ავედი და შემომჩივლეს – გიული ალასანიას მეგობარმა თურქმა გზაც კი შემოგვიღობა და ძველი შენობა, სადაც კულტურის სახლის გახსნას ვაპირებდით, წაგვართვაო.
შენობას და იმ 27 ჰექტარს იცავს “შერატონის” დაცვა, რომელიც ასევე გიულის მეგობარ თურქს ეკუთვნის. იმ ტერიტორიაზე ცხვირს ვერ შეყოფ, არადა იქაურობა საშინელი მოუვლელია. ამ მუქთახორების მიზეზით საქართველო და აჭარის ბიუჯეტი უამრავ თანხას კარგავს. ვიღაცა იტყვის, ბათუმი შენდებაო, კი მაგრამ რის ხარჯზე შენდება? გაყიდულია ყველაფერი. საქართველოს აღარაფერი ეკუთვნის და ამის ხარჯზე შენდება?
ასლანსა და მე ბოლოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ გვქონდა. მაგრამ აბაშიძე იყო მართალი, როცა უცხოელებზე გოჯ მიწას არ ყიდდა. მოვიდა თუ არა სააკაშვილი, მთელი ბათუმი თურქებს მიჰყიდა, ამიტომ ბათუმი ფაქტობრივად უკვე აღარც არის ქართული ქალაქი…
თანაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კიდევ ერთი ჭირი დაგვემატა – რუს და უკრაინელ სტუმრებს შორის დრო და დრო ვითარება იძაბება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ზაფხულში ერთ დიდი “ბათქს” ვერ გადავურჩებით”, – განაცხადა ბაკურიძემ.