რას ნიშნავს, იყო პედაგოგი ომის დროს – 24 წლის უკრაინელი მასწავლებელი ვალერია გუკოვა

რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინიდან 20 – ათასზე მეტი მასწავლებელი წავიდა, მაგრამ პედაგოგების ნაწილი დარჩა და დღემდე აგრძელებს შრომას საკუთარი მოსწავლეებისთვის.

24 წლის მასწავლებელი ხარკოვიდან, ვალერია გუკოვა საკუთარ მოსწავლეებს თავშესაფრიდან ომის პირობებში 42 დღის განმავლობაში ასწავლიდა. ახლა გოგონა სუმში ცხოვრობს.

ის უმცროსი კლასების მასწავლებელია, ხოლო სამსახურის მერე უფასოდ ამზადებს მოზარდებს მისაღები გამოცდებისთვის.

ვალერია გუკოვა წარმოშობით ზაპოროჟიედანაა. ბავშვობიდან ოცნებობდა, გამხდარიყო ჟურნალისტი, მაგრამ მისაღებ გამოცდებზე შემოქმედებით კონკურსში მას ქულები არ ეყო, ამიტომ გოგონამ ხარკოვის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა.

მეხუთე კურსიდან სკოლაში მუშაობა დაიწყო. მას ესმოდა, რომ თანამედროვე ბავშვები ძალიან სწრაფები და განვითარებულები არიან, ამიტომ მათთვის ფეხი უნდა აეწყო.

„მოქნილი გონება  – ეს ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, ამიტომ თავიდან ბავშვთა კლუბებში წავედი პრაქტიკის მისაღებად, ვატარებდი საბავშვო წრეებს პირველივე კურსის შემდეგ. ასე მოგავროვე გამოცდილების 5 წელი“,  – ამბობს გოგონა.

სტუდენტური წლებიდან გოგონა ხარკოვში ცხოვრობს, მისთვის ეს ქალაქი ბებიასთან დაკავშირებულ მოგონებებთან ასოცირდება. ვალერია ძალიან ელოდა გაზაფხულს, ვინაიდან ხარკოვი თავისი პარკებითა და ყვავილებითაა ცნობილი.

„ძალიან ბევრი პიკნიკი და ექსკურსია მქონდა დაგეგმილი ბავშვებთან ერთად, მაგრამ ახლა ხარკოვში ძალიან შენელდა ცხოვრება“, – ამბობს ის.

ომის დაწყების შესახებ გოგონამ 24 თებერვალს გაიგო, როდესაც ფანჯრის მიღმა სროლის ხმა გაიგონა. თავიდან იფიქრა, რომ ფოიერვერკი ან პიროტექნიკა იყო და ძილი გააგრძელა, მაგრამ უკვე 20 წუთის მერე მიხვდა, რომ ომი ნამდვილად დაიწყო. გოგონა პანიკურმა შეტევამ მოიცვა.

„მე შემეშინდა, ავკრიფე ნივთები, დავურეკე მშობლებს და შეყვარებულს, დავუკავშირდი კოლეგებს – ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ იმ დღეს მუშაობას ვერ შევძლებდით“, – იხსენებს მასწავლებელი.

ის კერძო სასწავლებელ დაწესებულებაში მუშაობს, სადაც ხელმძღვანელობამ იმ დღეს გადაწყვიტა, სწავლის პროცესი შეეჩერებინა, სანამ ხელისუფლებისგან ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებდა. გოგონამ კოლეგებს და მოსწავლეების მშობლებს მისწერა, ზოგიერთმა ოჯახმა უკვე დაიწყო ნელ-ნელა ქალაქის დატოვება. შემდეგ შეყვარებულიც გააღვიძა.

„მან გაიღვიძა და ძაღლიც კი გაიყვანა გასასეირნებლად, გაესაუბრა მეზობლებს, რის შემდეგაც ჩვენ ნივთები ავკრიფეთ და თავშესაფარში წავედით“, – ჰყვება გოგონა.

თავიდან წყვილი ფიქრობდა, ბიჭის მშობლებთან წასულიყო სუმში, მაგრამ ვინაიდან ესეც სასაზღვრო ტერიტორია იყო, გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ, რადგან მათ შეეძლოთ ქალაქში ხალხს დახმარებოდნენ.

თავშესაფარი, სადაც ვალერია ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თავშესაფარია. ის სრულად მოწყობილი იყო: სამზარეულო, დარბაზი, ყველა საჭირო ჭურჭელი, წვდომა ინტერნეტზე, ცხელი წყალი… ვალერიას და მის შეყვარებულს მაგიდებზე ეძინათ საძილე ტომრებში.

„ჩვენ დავდიოდით სახლში და ნივთები თავშესაფარში მიგვქონდა. ჩვენს ბინაში ბატარეა გასკდა, ამიტომ შხაპის მისაღებად მეგობრებთან დავდიოდით, ყოველდღიურად კი, ტაშტში ვიბანდით“, – ჰყვება გოგონა.

თავშესაფარში წყვილთან ერთად მათი ბულდოგი „ჟიროკი“ ცხოვრობდა. ძაღლი ძალიან ბედნიერი იყო თავის პატრონებთან ერთად ყოფნა რომ უწევდა, ვინაიდან ომამდე, ძირითადად, ის მაინც მარტო რჩებოდა ხოლმე სახლში. თავსესაფარში „ჟიროკთან“ ერთად კიდევ ერთი ძაღლი, სამი კატა და დეკორატიული ციყვები ცხოვრობდნენ.

„პირველი კვირა, აქტიური სროლის გამო, ჩვენ საერთოდ არ გამოვდიოდით თავშესაფრიდან, ამიტომ ცხოველებიც თავშესაფარში ისაქმებდნენ“, – ჰყვება მასწავლებელი.

ვალერიას შეყვარებული პროფესიით შეფმზარეულია. ის ორ კოლეგასთან ერთად ხარკოვის მეტროში მცხოვრებთათვის ამზადებდა საჭმელს, სანამ ქალაქში იყო.

ცოტა ხნის წინ ვალერია წავიდა პოლტავაში, შემდეგ – შეყვარებულის მშობლებთან, სუმში. რამდენიმე დღის მერე მასწავლებელი ხარკოვში აპირებს დაბრუნებას და ქალაქში დარჩენილი ბავშვებისთვის ფიზიკური აქტივობების ორგანიზებას.

„შეყვარებული თავშესაფარში ცხოვრობს. მე იქ 42 დღე გავატარე და დაბრუნებას ვაპირებ. დღესდღეობით, იქ 14 ადამიანია. როდესაც მე და ჩემი დაქალი დავბრუნდებით, 16 ადამიანი იქნება“, – ამბობს გოგონა.

ვალერია მესამეკლასელებს ასწავლის. მან, ასევე, დაიმატა მეოთხე კლასი, ვინაიდან მისი კოლეგა გერმანიაში წავიდა და არ გაკვეთილების ჩატარებას ვერ ახერხებს.

გოგონა მუშაობას დილის 10 საათზე იწყებს. 15:00-მდე გაკვეთილები უმცროს ბავშვებთან აქვს, ხოლო საღამოს – უფროსკლასელებთან. გაკვეთილებს ვალერია თავშესაფრიდან ონლაინფორმატში ატარებდა.

„მე იმის მომხრე ვარ, რომ თუკი მასწავლებელი თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს, უნდა გააგრძელოს სასწავლო პროცესი, ვინაიდან ბავშვები – ეს ჩვენი მომავალია“, – ამბობს მასწავლებელი.

მიუხედავად ომისა, ბავშვები საშინაო დავალებას ასრულებენ.

„უფროსკლასელებთან უფრო რთულია, ვინაიდან ისინი უფრო მეტს კითხულობენ, ხედავენ მიმდინარე მოვლენებს, ამიტომ მათ არ ვაძლევ ბევრ საშინაო დავალებას. ისინი უბრალოდ არ გააკეთებენ ამას“, – ამბობს გოგონა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ვალერიასთვის საკუთარი მოსწავლეების მხარდაჭერაა. გოგონა თვლის, რომ გაკვეთილებზე საჭიროა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოსწავლეების ემოციური ინტელექტისთვის და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები