დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
როგორც ცნობილია დღევანდელ პროცესს ბრალდებული სააკაშვილი არ დაესწრება.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე ასევე დააკავეს ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთისას დახმარებას ედავებიან. 20 იანვარს მათ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.