ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24 მაისისთვის გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24 მაისისთვის გადაიდო.
სასამართლო პროცესს თავად პატიმარი სააკაშვილი არ დასწრებია. დაცვის მხარემ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომ რუსთავის ციხეში მასთან “ემპათიას” ექსპერტებს შესვლის საშუალება მისცემოდათ.
მოსამართლემ თანხმობა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტებს მოუსმინოს, რათა გადაწყვიტოს, დანიშნოს თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა.
თუმცა, ბრალდებულ სააკაშვილის პროცესზე არყოფნის გამო, მოსამართლემ სხდომა გადადო, რადგან, როგორც ექსპრეზიდენტის წერილში იყო აღნიშნული, მას არ სურდა, რომ დღევანდელ პროცესზე უშუალოდ მტკიცებულებების განხილვა მომხდარიყო.
შეგახსენებთ, გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. კერძოდ, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.
თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.