უკანასკნელი ხელჩასაჭიდი – შვილიშვილი ბლოკირებულ მარიუპოლში ბაბუას ეძებს
უკვე 76 დღეა, რაც რუსები მარიუპოლს უტევენ – დიდი შენობები დანგრეულია, ხოლო დაბომბვები და სროლა არ ჩერდება. ბლოკირებულ ქალაქში ჯერ კიდევ ასობით ათასი ადამიანი იმყოფება. 25 ათასზე მეტი დაიღუპა. გადარჩენილებთან კავშირი, თითქმის, არ არის. იმის გაგება, ცოცხალია თუ არა ადამიანი, ძალიან რთულია. ხანდახან შეუძლებელიც კი.
ანა ჩუდანოვა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ოდნავი მინიშნების მოძებნას, რომ თავისი ნათესავები მარიუპოლში ცოცხლები არიან. დანგრეულ ქალაქში გოგონას ბაბუა დარჩა, მეუღლესთან ერთად.
თავად ანა მარიუპოლში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ომამდე კიევში ცხოვრობდა, სადაც მისი მშობლები გადავიდნენ საცხოვრებლად.
თავისი ისტორია გოგონამ „უკრაინულ პრავდას“ უამბო.
„2 მარტს ქალაქში კავშირი გაქრა“
„მარიუპოლში ჩემი ახლობლებიდან დარჩა ბაბუა და მისი მეუღლე. 2 მარტს ქალაში კავშირი გაქრა. არ გვქონდა არანაირი საშუალება, რომ ერთმანეთს დავკავშირებოდით. ჩვენ ბაბუას Telegram-ის არხების საშუალებითაც ვეძებდით.
თავიდან ყოველდღიურად ვრეკავდით, დილით და საღამოს. ვწერდით შეტყობინებებს, ვინაიდან ამბობდნენ, რომ ისინი იგზავნებოდა და არსებობდა შანსი, ადამიანს გაეგო, რომ მას ეძებდნენ და არ დაივიწყეს. შემდეგ გავიგეთ რომ არსებობს ჯგუფი „მარიუპოლი ახლა“, სადაც აქვეყნებდნენ ნანგრევების ფოტოებს, როგორც გამოიყურება ქალაქი. ასე დავინახე ბაბუას სახლი ვიდეოში, რომელიც ნახევრად დამწვარი იყო.
ვიდეოს ქვემოთ იყო კომენტარი, ვიღაცა მისი სახლის შესახებ კითხულობდა. მე ხალხთან მიწერა დავიწყე Telegram-ში: „გამარჯობა, მე მარიუპოლიდან ვარ, ვეძებ ჩემს ახლობლებს. ამ მისამართზე ცხოვრობს ბაბუა. თქვენ ხომ არ გაქვთ ვინმესთან კავშირი?“
მე გამიმართლა – პირველმა გოგონამ, ვისაც მე მივწერე, მიპასუხა, რომ მას კავშირი აქვს თავის ახლობლებთან. ის ოთხ დღეში ერთხელ უკავშირდებოდა თავის მამას, რომელიც მეხუთე სართულზე ადიოდა, სადაც მობილური კავშირი მუშაობდა და უყვებოდა მათ, რა ხდებოდა სახლში.
მისგან გავიგე, რომ ბაბუას სახლი მთელი იყო და არსებობდა შანსი, რომ ბაბუაც გადარჩა. მე ბაბუა აღვუწერე, მისი ბინის შესახებაც მოვუყევი და ვთხოვე იმ გოგონას, რომ თავისი მამისთვის ეკითხა, ხომ არ შეხვედრია ბაბუაჩემს.
სანამ ბაბუაზე ინფორმაციას მივიღებდი,მივწერე მოხალისეებს, რომლებიც ქალაქში დარჩენილებს ეხმარებიან. ვინც შეძლეს, მიპასუხეს, რომ მისამართებზე სიარული ახლობლებთან არარეალურია. ქალაქში ვითარება ძალიან სახიფათოა.
შემდეგ, სახლების მიხედვით, ახალი ჩატები შეიქმნა. ვიღაცამ ფოტოები გამოაქვეყნა – მოხალისეები ან სამხედროები აქვეყნებდნენ სახლების ვიდეოებს ქალაქიდან. ისინი სულ დადიოდნენ ქუჩებში და აფიქსირებდნენ ნანგრევებს.
ერთ-ერთ ასეთ ჩატში ვიღაცამ გამოაგზავნა ვიდეო ე.წ. დონეცკის დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენლისგან, თითქოს, მარიუპოლში ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ. იქ იყო ვინმე „დონეცკის ახალგაზრდული ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, რომელმაც კარგი ხარისხით გადაიღო ვიდეო, როგორ არიგებდნენ „ჰუმანიტარულ დახმარებას“.
იმ დროისთვის უკვე ერთი თვე იყო გასული რაც მე არაფერი მსმენია ბაბუას შესახებ. და, აი, ჩვენ ის დავინახეთ ვიდეოში. ის ცოცხალია. დგას რიგში „ჰუმანიტარული დახმარებისთვის“. ცოტა გაუბედურებული, მაგრამ ცოცხალი.
ის მასზე ახალგაზრდა ხალხზე უკეთესად გამოიყურებოდა. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა.
მოგვიანებით მე გამოვაქვეყნე პოსტი ბაბუის და მისი მეუღლის ფოტოთი. ძალიან ვწელავდი ამ მომენტს, მაგრამ მაინც გავაკეთე, ვინაიდან სხვანაირად არაფერი გამომდიოდა. გამოვაქვეყნე ფოტო და ვკითხულობდი, ვინმეს ხომ არ უნახავს ეს ხალხი.
ჩემი ნაცნობის ნაცნობი პოსტს გამოეხმაურა… როგორც აღმოჩნდა, ცოტა ხნის წინ იქიდან მისი ბებია წამოვიდა, მან კი გამოკითხა, თუ რამე იცოდა ბაბუაჩემის შესახებ.
მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელი გახლდათ. ისინი არ შიმშილობენ, აქვთ საკვები და წყალი. მორჩა, ეს ვიდეო უკანასკნელი ხელჩასაჭიდი იყო.
ბოლოს ბაბუას შესახებ ამბავი 1-ელ აპრილს გავიგე, როდესაც ვიდეო იყო გადაღებული. ხალხი, როგორც წესი, ახლობლებთან დასარეკად კონკრეტულ წერტილში მიდის, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. რუსებმა კავშირგაბმულობა გაიყვანეს, თავისი ოპერატორის ბოძები დადგეს. ხალხმა სიმ-ბარათების შეძენა დაიწყო, მაგრამ ყველაფერი არც ისე ადვილია. ეს არ არის ჩვენთვის ჩვეული კავშირი – ხალხი დარეკვას 30 წამით ახერხებს და იტყობინებიან, რომ ცოცხლები არიან.
როდესაც გავიგეთ, რომ ბაბუა ცოცხალი იყო, დავიწყეთ კავშირის ძებნა, რათა გაგვეგო, უნდოდა თუ არა მას სახლის დატოვება და იქიდან წამოსვლა. სამწუხაროდ, არის ასეთი ტენდენცია, რომ ხანშიშესულებს აქვთ შიში და არ უნდათ სახლის დატოვება. უკვე ბევრი ისტორია არსებობს, რომ ადამიანებმა ქალაქში დარჩენა ამჯობინაეს ჯერჯერობით, მე არ ვიცი, უნდა თუ არა ბაბუას წამოსვლა.
რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ ბაბუა წამოვიდეს, მაგრამ მესმის, რომ ის 84 წლისაა და შეიძლება შეეშინდეს.
ჩვენ და ბაბუა სხვადასხვა რაიონში ვცხოვრობდით. სახლი, სადაც მე გავიზარდე – მშობლების ბინაა. მეზობლებმა, რომლებმაც ქალაქი მარტში დატოვეს, ამბობდნენ, რომ სახლი მთელი იყო, ხოლო აპრილში ბრძოლამ ჩვენს რაიონში გადაინაცვლა. ის დაბომბეს. ამბობდნენ, რომ მთელი რაიონი დაზიანდა.
მაშინ მშობლებმა აქტიურად დაიწყეს ვითარებაზე თვალყურის დევნება. ისე მოხდა, რომ მეზობლის მამას შეეძლო წასულიყო და შეემოწმებინა ჩვენი ბინა. ადამიანები, როგორც წესი, ემოციურ ფონზე, თუკი მათი ბინა დაიწვა, ამბობენ, რომ „ყველაფერი დაინგრა“, სინამდვილეში კი, სახლი დგას.
თავიდან თქვენს, რომ სახლი დაიწვა, ჩვენ ძალიან ვინერვიულეთ. კედლები, ავეჯი და ტექნიკა არ გვენანებოდა, ყველაზე მეტად ფოტოებზე ვნერვიულობდით. ფოტო ძალიან ბევრი გვქონდა და ეს ისეთი რამაა, რასაც ვერ აღადგენ და ვერ იყიდი. ახლაც გვაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ფოტოების წაღებას.
მეზობლისგან გავიგეთ, რომ ბინა მთელია. მერე ვნახეთ ფოტოები და მივხვდით, რომ ნაწილობრივ ფანჯრები ჩამოცვენილი იყო. შემდეგ გამოაქვეყნეს ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სახლს ბომბი მოხვდა, მეორედან მეხუთე სართულის ჩათვლით ყველაფერი დაიწვა. ჩვენი ბინა კვლავაც მთელია. რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო ამბავია.
როდესაც მარიუპოლში ომი დაიწყო, ყველაზე მეტად ბაბუაზე ვღელავდი. ახლა მთელ ოჯახს გვიხარია, რომ ის გადარჩა და არ არის დამარხული თავისივე სახლის ეზოში.
ბაბუასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის არ ფიქრობს, რომ ჩვენ მივატოვეთ და დაგვავიწყდა. რაღაც მომენტამდე მე მას ვწერდი: „ბაბუა, ჩვენ ძალიან ვღელავთ თქვენზე. როგორ ხართ?“ როდესაც ჰუმანიტარული დერეფნები იხსნებოდა, გამუდმებით ვწერდი, რომ მზად ყოფილიყვნენ.
ასევე ვწერდი ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ქალაქის დატოვება მოახერხეს, მაგრამ მათ მითხრეს, რომ არცერთი ჩემი ესემესი არ მისვლიათ. ბაბუას გამოყვანა ვცადეთ კიდეც. დედაც დაუკავშირდა მოხალისეებს ერთ-ერთ ჯგუფში. მას გარანტიები არ მოუცია, მაგრამ გვითხრა, თუკი შეძლებდა, აუცილებლად წამოიყვანდა მათ. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.“