„თბილსერვის ჯგუფი“ გვირაბების დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებული გვირაბების დასუფთავებას ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია გვირაბების გაწმენდა ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. ასევე, სპეციალური ტექნიკით მოირეცხება შიდა და გარე პერიმეტრი. ამ დროისთვის, უკვე გაიწმინდა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი, აღმაშენებლის ხეივნისა და მეტეხის გვირაბები. დასუფთავების ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. გვირაბების დასუფთავების აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მეტეხის გვირაბში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.