სამგორის რაიონში თანამედროვე სტანდარტების ორი საბავშვო ბაღი შენდება
დედაქალაქში საბავშვო ბაღების მშენებლობა გრძელდება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სამგორის რაიონში, კერძოდ, ლილოსა და ე.წ. აფრიკის დასახლებებში მიმდინარე ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე 12-ჯგუფიანი ბაღი შენდება, სადაც 350- მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას და დასაქმდება 70 მოქალაქე.
პროექტის ღირებულება 4 200 000 ლარია. საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე შენდება. ბაღში 15 სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და 80-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, უბანში ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აშენდება – შენობები იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. აღნიშნული ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 5 373 000 ლარია გათვალისწინებული.ს „სამგორის რაიონის ამ ორ უბანში მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი ბაღების მშენებლობაა.
12 და 15-ჯგუფიანი ბაღების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 800-მდე ბავშვი შეძლებს ჩვენი სერვისების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ახალი ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონში მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, აღსაზრდელებს კი ორივე დაწესებულება 2023 წლის იანვრიდან მიიღებს.