“მკვლელი არ ვარ, მე დავიცავი დასაცავი ობიექტი” – კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებული

პატივცემულო მოსამართლე, მე მკვლელი არ ვარ, მე დავიცავი დასაცავი ობიექტი, ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე, – ასე მიმართა “ლაგუნა ვერესთან” კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებულმა, კობა მეტრეველმა სასამართლოს სიტყვით გამოსვლის უფლებით სარგებლობისას.
მეტრეველი ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის პირადი დაცვაა.

მისი ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, მეტრეველი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და არავის მკვლელობა არ ჰქონდა განზრახული.

“გარდაცვლილი პირი მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და სხვების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით მირბოდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ყურადსაღებია, ბრალდებულის სტატუსი – ის დაზარალებულის პირადი დაცვა იყო და ვალდებული იყო, ღია საფრთხის პირისპირ მისი სიცოცხლის დაცვა მოეხდინა”, – თქვა გვაზავამ.
გვაზავას თქმით, მეტრეველს დაჭრილი მეტონიძე უნდა დაეცვა.
ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, თბილისში, “ლაგუნა ვერესთან”, გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები