ჭონქაძის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, დ. ჭონქაძის ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ მთაწმინდის რაიონში ბევრი ავარიული სახლია, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი პროექტები ინტენსიურად განვახორციელოთ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დავეხმაროთ ადგილობრივ მცხოვრებლებს.

აღნიშნულ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ. სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 405 950 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები