“როგორც ბ-ნმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა თბილად მოიხსენია საქართველო და პატრიარქზეც ისაუბრა” – საპატრიარქო
“საქართველოს პრეზიდენტმა, ბ-ნმა მიხეილ ყაველაშვილმა იტალიაში, მილანში ა.წ. 6 თებერვალს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღების ფარგლებში ამერიკის ვიცეპრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“როგორც ბ-ნმა მიხეილმა აღნიშნა, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა თბილად მოიხსენია საქართველო და პატრიარქზეც ისაუბრა.
„ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა და გაკვირვებული ვიყავი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარნი, პატრიარქიც კი ახსენა. შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე, 17 მაისი, დააფუძნეს სულ ახლახან და რომ ვუთხარით, რომ ჩვენ 10 წლის წინ 17 მაისი, სწორედ პატრიარქის ინიციატივით მოხდა, რომ ოჯახური სიწმინდის დღედ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა.
აი, ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო. შეიმჩნეოდა კიდევაც, მე მგონი, საზოგადოებამ ნახა სურათები.
როცა საუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მით უმეტეს ქრისტიანულ ღირებულებებზე, ძალიან თამამები ვართ ქართველები, იმიტომ, რომ ამხელა ქრისტიანული ისტორიის მქონე ერი ვართ; თან ისიც განვუცხადეთ, რომ 1700 წელს აღვნიშნავთ წელს და საკმაოდ დიდი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს საქართველოში ამასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.