მარიამ ქვრივიშვილმა „წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე” ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარების პროცესში წყლის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარების პროცესში წყლის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა „წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე.” როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის წყალს, როგორც რესურსს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არაერთი სექტორის განვითარების თვალსაზრისით.

„ჩვენ არც ისე ბევრი რესურსი გვაქვს, თუმცა, წყალი მათ შორის გამორჩეულია, რომელიც განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნის როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი უნდა გავუსვათ ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას, რომლის განუყოფელი ნაწილია წყალი, როგორც რესურსი. რა თქმა უნდა, გამორჩეული ინტერესია, რომ ქვეყანაში განვითარდეს ჰიდროელექტროსადგურები, რისთვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოვიჩინოთ წყლის რესურსების მიმართ”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი” კომპანია Georgian Water and Power (GWP)-სა და მისი ინვესტორი, საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს ორგანიზებით ტარდება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები და კერძო ოპერატორები.

პანელურ დისკუსიაში „წყლის სამთავრობო პოლიტიკა, პასუხისმგებლობა და მომავლის ხედვა” მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე, რომლის თანახმად, წყლის რესურსები ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობისკენ, მათ შორის წყლის სექტორში.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს განჭვრეტადი, გამჭვირვალე გარემო და ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორს ხელი შევუწყოთ, განავითარონ მათი ბიზნესსაქმიანობა, რადგან ძლიერი ბიზნესი ძლიერ ეკონომიკას ნიშნავს. ვფიქრობ, საქართველოში Aqualia-ს და Georgian Water and Power (GWP)-ის – ასეთი ძლიერი, რეპუტაბელური, გამოცდილების მქონე კომპანიების არსებობა მეტად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის წყლის სექტორს. როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ დიდი გულისყურით მივუდგეთ თითოეულ მიმართულებას, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებაში და ყველაფერი გავაკეთოთ ამ სექტორების განვითარებისთვის”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა წყლის გამართული ინფრასტრუქტურის არსებობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 100 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომლის 50% უშუალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიიმართა. „ეს პირდაპირ ნიშნავს უსაფრთხოებას, ზრუნვას ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებას მოიცავს”, – აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ფორუმის მონაწილეებს ასევე გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მაჩვენებლები, დინამიკა და აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებული წარმატება აქვს ამ თვალსაზრისით – 2021 – 2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო, გასულ წელს კი ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო გარკვეული სექტორები, რომლებმაც აჩვენა უფრო მეტი ზრდა, მდგრადობა და სტაბილური განვითარება, მათ შორისაა ვაჭრობის, ასევე ტურიზმის და ავიაციის სექტორები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია და ქმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის სწორ განვითარებას, ახალ შესაძლებლობებს, ახალი დასაქმების ადგილებს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები