სოსო არჩვაძე: ნავთობის ფასები მსოფლიოში კოვიდპანდემიის პიკის ფაქტობრივი გადავლის შემდეგ გლობალური მოთხოვნის მატების გამო ისედაც იზრდებოდა

“მსოფლიოს ყურადღება ამჟამად უკრაინისკენაა მიპყრობილი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომს სამხედრო-პოლიტიკურთან ერთად არანაკლები ეკონომიკური და ფინანსური ასპექტიც გააჩნია”,- ამის შესახებ ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნავთობის ფასები მსოფლიოში კოვიდპანდემიის პიკის ფაქტობრივი გადავლის შემდეგ გლობალური მოთხოვნის მატების გამო ისედაც იზრდებოდა.

“აღნიშნულმა კონფლიქტმა გამოიწვია მრავალი სახის პროდუქციის ფასების ზრდა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ფასების ზრდა ენერგორესურსებზე – ნავთობსა და გაზზე. ნავთობის ფასები მსოფლიოში კოვიდპანდემიის პიკის ფაქტობრივი გადავლის შემდეგ გლობალური მოთხოვნის მატების გამო ისედაც იზრდებოდა, თუმცა ომმა უკრაინაში და ეკონომიკური კავშირების მოშლამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. ნავთობის ფასი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე 2020 წლის აპრილ-მაისში უარყოფითი მაჩვენებლითაც კი გამოიხატებოდა (ნავთობსაცავების გადავსების გამო მწარმოებლები იქით უხდიდნენ მომხმარებლებს, ნავთობის გატანის შემთხვევაში – ყოველ ბარელ ნავთობზე 20 დოლარზე მეტს), შემდეგომ სწრაფი ზრდის რეჟიმში გადავიდა და ამჟამად ბარელი ნავთობი მსოფლიო ფასებით 114 აშშ დოლარია – ეს ერთი წლის წინანდელს (61.0$) 1-9-ჯერ, ხოლო 2022 წლის დასაწყისის ფასს(77.7$) – 46.7 პროცენტით აღემატება. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ბუნებრივ აირზე, რომლის მოხმარების ბალანსში რუსული გაზის წილი ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 40 პროცენტია. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა და შესაბამისად, ბიზნესის წარმომადგენლები, ამ პროცესს უკიდურესად შოკისმომგვრელს უწოდებენ და სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. აღნიშნული პრობლემა საქართველოსთვის, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, განსაკუთრებით აქტუალური და ყურადსაღებია რადგანაც მსოფლიო ბაზარზე ყოველი ბარელი ნავთობის ფასის მხოლოდ ერთი დოლარით მატებისას, მისი იმპორტი ჩვენს ქვეყანას დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარით უძვირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, საქართველოში მისი ფასი სტაბილურია და ევროპული ქვეყნებთან შედარებით – ჯერადად ნაკლები – ჩვენს საიმედო პარტნიორ აზერბაიჯანთან ჩამოყალიბებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, ხანგრძლივი კონტრაქტების საფუძველზე. საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შედეგად, საქართველოს სამომხმარებლო სექტორს გვერდი აუარა „ფასების რევოლუციამ“ ბუნებრივ აირზე, რამაც ასე შეაწუხა ევროპელი მომხმარებლები, ხოლო ნავთობპროდუქტების გაძვირების ნეგატიური ეფექტი იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს შეიძლებოდა ჰქონოდა ნავთობის თითქმის მთლიანად იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას. საქართველოში ბენზინის ფასი 24 თებერვლის შემდეგ, 27 მარტის მდგომარეობით, გაიზარდა 19.4 პროცენტით (3.14 ლარიდან 3.75 ლარამდე), იმავე პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის 22.1 პროცენტით ზრდის (93.3 დოლარიდან 113.90 დოლარამდე) პირობებში. ამასთან, საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ბენზინის ფასის მატების მაჩვენებელმა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატების მხოლოდ ნახევარი შეადგინა (შესაბამისად, +11.8% და +22.1%). ამჟამად, ბენზინი საქართველოში მსოფლიოს 170 ქვეყნიდან 99 ქვეყანასთან შედარებით იაფია, აქედან აშშ-თან შედარებით – 5.6%-ით, ხოლო ევროკავშირთან შედარებით – საშუალოდ 38 პროცენტით (მათ შორის უნგრეთთან შედარებით – 12.6%-ით, პოლონეთთან შედარებით – 20.6%-ით, საფრანგეთთან შედარებით – 43.3 %-ით, ხოლო გერმანიასა და იტალიასთან შედარებით – თითქმის 48%-ით). საქართველოს ხელისუფლებას დაგროვილი აქვს კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის მოსახლეობის, განსაკუთრებით სიღარიბისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის და სისტემური მხარდაჭერის დიდი გამოცდილება და მისი ძალისხმევა მსოფლიო ბაზარზე საწვავისა და რიგი სხვა სახის საქონლის გაძვირებით მიყენებული ნეგატიური ეფექტის მაქსიმალურად შესამცირებლად შესაბამისი სოციალური პროგრამების რეალიზაციით უკვე იძლევა თვალსაჩინო შედეგს”,- წერს არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები