ბაჩო დოლიძე: დანილოვის განცხადებას არ ვეთანხმებით – ჩვენი ტერიტორიული აღდგენის საკითხი მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის

“ამ განცხადებას რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით. ეს არის ომში მყოფი ქვეყნის, მაღალი თანამდებობის პირის ემოციური განცხადება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული აღდგენის საკითხი მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ისევ და ისევ უნდა იყოს უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა და არა ის, რომ დავეხმაროთ რუსეთს, ვაქციოთ ეს ქვეყანა სანქციებიდან თავის არიდების ადგილად. შესაბამისად, ფოკუსი მთავარი შენარჩუნებული უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინას. რაც შეეხება ტერიტორიულ აღდგენას, იცით, რომ ჩვენი ტერიტორიული აღდგენის საკითხი გადის მშვიდობიან პოლიტიკაზე, მშვიდობიან მოქმედებაზე და შესაბამისად, ასეც იყო და ასეც უნდა გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის ატეხა ამ ემოციური განცხადების შესახებ არ ღირს. უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ეს ქვეყანა არის ომში და ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ ომის მოქმედებებში, მათ მიერ გაკეთებული რაღაცა განცხადება შეიძლება, არ იქნეს აღქმული ისე, როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა ჩვენ ამ განცხადებას არ ვიზიარებთ“, – განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა: „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები