ასლან ბჟანიამ სერგეი ლავროვს „უკრაინაში სპეცოპერაციაში“ მხარდაჭერა გამოუცხადა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზი ხალხის „ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას“ მხარს უჭერს.
„მინდა მოკლედ მოგახსენოთ ის პროცესები, რომლებიც დღეს აფხაზეთში მიმდინარეობს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ატარებს. აფხაზეთის მოქალაქეებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ჩვენ გავმართეთ მრავალათასიანი მიტინგი, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, გავგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მოსახლეობისთვის. ამჟამად აფხაზეთში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან 150-ზე მეტი ქალი და ბავშვი ისვენებს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურების მეშვეობით. ამ კუთხითაც მიდის მოლაპარაკებები, გუშინ ყოფილ კოლეგებს ვესტუმრე და იქ ჩვენი ყოფნა, ჩვენი დროშაც იქნება მონიშნული. ჩვენ გვაქვს ერთი და განუყოფელი ბედი, ამიტომ არ დავიშურებთ ძალებს და საშუალებებს, რომ ეს მდგომარეობა ლოგიკურ და სამართლიან დასასრულამდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.