ვაკის გამგეობამ მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 72 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსა
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, ამ ეტაპზე, 72 სარეაბილიტაციო პროექტია დაფინანსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 352 262 ლარი გამოიყო. კერძოდ, განაცხადების განხილვის შედეგად, ლიფტები 39 მისამართზე, წყალარინების ქსელები – 11 მისამართზე რეაბილიტირდა. კორპუსების გადახურვა – 8 მისამართზე განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, 2 მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 4 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 2 მისამართზე კი, სადარბაზოს კარი გამოიცვალა.
სხვადასხვა სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% – 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.