დაიბადა ყვარელში, სწავლობდა ჯერ გავაზის სკოლაში, შემდეგ – ყვარლის გიმნაზიაში. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, მომავალ პროფესიად კი ფსიქოლოგობა არჩია.
2020 წლის ნოემბრიდან აქტიურად დაიწყო ხატვა – ტილოზე, საღებავებით. არის თვითნასწავლი, „მხატვართა ლიგის“ წევრი.
მისი ნამუშევრები მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში; შეძენილი აქვთ კერძო კოლექციონერებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ქმნის სერიებს. რუსეთ-უკრაინის ომის დღეებში შექმნილმა ნამუშევარმა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. – ელენე ხუციშვილის პერსონა.
– ჩემთვისაც, ისევე როგორც სხვებისთვის – ძალიან ძვირფასია ბავშვობა. ყველა თბილი მოგონება, პიროვნების ჩამოყალიბების საწყისი და ყველაფერი ამ ადგილთან მაკავშირებს. ამიტომ უძვირფასესია თითოეული მოგონება. იმის მიუხედავად, რომ 90-იანელი ვარ, ვფიქრობ, ყველაზე ლაღი ბავშვობა მქონდა – მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, 4-ნი ჩვენ ვართ, უბანიც სავსე იყო ბავშვებით და სულ ვთამაშობდით თავისუფალ დროს. ამ პერიოდს ვერაფერი შემიცვლის.
– გავაზში სწავლობდით და ბოლოს – ყვარლის გიმნაზიაში… ხატვა მაშინაც გიყვარდათ… გვიამბეთ ხელოვნებისადმი თქვენს სიყვარულზე…
– ხატვა ყოველთვის მიყვარდა. პატარაობიდან კედლებსა და წიგნებზე ვხატავდი. ერთადერთხელ, მე-3 კლასში, მყავდა პროფესიონალი ხატვის მასწავლებელი და ისიც, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, სხვაგან გადავიდა. ძალიან დამწყდა გული. არასოდეს დამავიწყდება, ჩემი ბავშვური ნახატი რომ ნახა, მითხრა – აუცილებლად გადაეცი მამაშენს, რომ გაიზრდები, სამხატვროზე ჩაგაბარებინოსო… ასე არ გამოვიდა, მაგრამ გვიან მაინც დავუბრუნდი ხატვას…
ასევე, ხატავს ჩემი და – ნათია ხუციშვილიც, მანაც ჩემსავით გვიან მიაქცია ამ საქმიანობას ყურადღება. დედისგან დაგვყვა ხატვის ნიჭი.
– რატომ გადაწყვიტეთ ფსიქოლოგობა?
– ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მოსმენა. მათთან ერთად გამოსავლის პოვნა. სკოლაში მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ, პიროვნული თვისებების გამო, ძალიან კარგი ფსიქოლოგი გავხდებოდი, ბევრი რამის ნიჭი მქონდა, ლექსებსაც აქტიურად ვწერდი ერთი პერიოდი. მაგრამ მომეწონა ეს პროფესია. მეტად დავინტერესდი ადამიანის არაცნობიერის შესაძლებლობებით. ახლაც ძალიან მომწონს ფსიქოლოგობა და ვიმედოვნებ, მომავალში ამ მხრივაც მეტად განვვითარდები.
– 2020 წლის ნოემბრიდან ხატვას სერიოზულად მოეკიდეთ… ალბათ კარანტინის დროს მრავალი სურათი დახატეთ…
– უნივერსიტეტში ლექციების მოსმენისას სულ ვხატავდი თან. რა თქმა უნდა, კალმით ვაკეთებდი ჩანახატებს რვეულებში, თუმცა სერიოზულად ვერასდროს მოვიცალე. სამსახურები, ოჯახი, შემდეგ პატარა ბავშვი…
კოვიდის დროს კარანტინში არაფერი დამიხატავს. ხატვაზე ვიდეოებს რომ ვუყურებდი, სულ ვამბობდი, რა მარტივია, ამაზე უკეთ დავხატავ-მეთქი. არც მქონდა სახატავი მასალები, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაშინ მტკიცედ მივიღე – დამთავრდებოდა თუ არა კარანტინი, ოჯახი საღებავების საყიდლად მივდიოდით, მეტი გადადება აღარ შემეძლო… ჩემი მეუღლის მხარდაჭერა მქონდა და ვცადე… აღმოჩნდა, რომ იმაზე უკეთ გამომდიოდა, ვიდრე წარმომედგინა. წამახალისა იმანაც, რომ მყიდველი მოულოდნელად გამოჩნდა. მას შემდეგ ვხატავ და ვხატავ…
– Elene Khutsishvili Art Gallery – გაქვთ გვერდი, სადაც შეიძლება თქვენი ნამუშევრების გაცნობა… სახლები – წელიწადის სხვადასხვა დროს, გზები… რატომ სახლები?
– ჩემთვის სახლი ოჯახთან და საყრდენთან და ბედნიერ მყუდრო კერასთან ასოცირდება. ამიტომაც ხშირად მომწონს მისი ხატვა.
– „ჩვენი სახლი, არა – ომს! რუსეთი ოკუპანტია“ – დახატეთ სახლი აფხაზეთში… რაიმე განსაკუთრებულ ამბავს უკავშირდება?
– ეს ნახატი განსაკუთრებულად რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. დაემთხვა უკრაინის ომს და ემოციურადაც და თემატურადაც რთული იყო, თუმცა – აუცილებელი. როგორც წესი, ასეთ ნახატებს მაქსიმალური სიზუსტით ვასრულებ ფოტოდან, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ ძველი, შავ-თეთრი, გაცრეცილი ფოტო აღმოაჩნდა პატრონს – ახლა სახლი აღარ არსებობს, მის ადგილზე ტრიალი მინდორიაო. მეხსიერებაშიც საერთოდ არ შემორჩა მას, რადგან პატარა იყო, როცა ყველაფრის დატოვება მოუწია… მშობელმა და ახლობლებმა რა დეტალებიც გაუზიარეს, მათი დახმარებით შევძელი ის, რაც დავხატე… მათთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა ტილოზე გაცოცხლებული სამშობლო… იმედია, მალე დაბრუნდებიან და კვლავ ააშენებენ.
ყველა ადამიანი იმსახურებს სამშობლოში დაბრუნებას. ყველა, ვინც ოკუპანტი რუსეთისგან უზარმაზარი ტკივილი და ტანჯვა გადაიტანა…
– ფსიქოლოგი ხართ. როგორ გეხმარებთ თქვენი პროფესია ხატვის დროს?
– ეს პროფესია ცალკე მდგომი არ არის, პიროვნებასთანაა, ჩემშია გაერთიანებული. წინასწარი განზრახვით ემოციებს ვერ ვხატავ – რაც მსურს და მსიამოვნებს, მხოლოდ მისი გადმოცემა მინდა. ჯერჯერობით მხოლოდ დადებითი ემოციების გაზიარება მინდება ნახატებით, რაც ეხება თბილ მოგონებებს, ზღაპრულ წარმოსახვებს, სადაც ყველგან სიყვარულია და უსაფრთხოების განცდა… არ მინდა ნახატებში ნეგატივი შემოვიტანო.ისედაც ბევრია გარემოში…
– „სიყვარულის ნავსაყუდელი“…
– ეს ნახატი ჩემი წარმოსახვით შეიქმნა. ადამიანს ბევრი არაფერი სჭირდება სინამდვილეში ბედნიერებისთვის – სიყვარული, პატივისცემა, საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა, მათი ჯანმრთელობა და ერთობა. მადლიერი ვარ ღმერთის, სამყაროსი – რაც გამაჩნია. ოჯახი, რომელიც ცხოვრების აზვირთებულ ტალღებზე მყარი ნავით იცურებს. ტალღები სულ იქნება, მთავარია სიყვარული…
– ფორთოხლების სერიაც საინტერესოა… როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები, შთაგონება გჭირდებათ?
– რა თქმა უნდა, შთაგონება მთავარია, როცა თავისუფლად ხატავ და არა – შეკვეთით. როცა ტილოს გავამზადებ მოლბერტზე, ხშირად ფონის გაკეთებამდეც არ ვიცი, რას დავხატავ… მერე თავისით მოდის… ასე შექმნილი ნახატები უფრო ლამაზია და ამას უამრავი ადამიანი აღნიშნავს მერე…
– ბოლო დროს უკრაინის თემაზე ხატავთ… „მშვიდობა“ – ასე ჰქვია თქვენს სურათს…
– უკრაინაში ომის დაწყების წინა ღამეს ცუდი წინათგრძნობა მქონდა. რა თქმა უნდა, ვერ ვხსნიდი. მაგრამ დილით რომ გავიგე ეს ამბავი, მერე მივხვდი. ომის საშინლად მეშინია. 2008-ში ისე არ შემხებია მეც. მაგრამ მაშინ ყველას გვქონდა მოლოდინი.
ახლაც რამდენიმე დღე სრულიად პარალიზებული ვიყავი. რომელი ხატვა? უკრაინის ამბების გარდა გონებაში სხვა არაფერი მიტრიალებდა. იქ ძალიან ბევრი ახლობელი მყავს და განსაკუთრებულად ვნერვიულობ… რამდენიმე დღის მერე სხვა გზა არ იყო, მეც უნდა მეთქვა ჩემი სიტყვა ამ თემაზე და ეს სიტყვა არის – „მშვიდობა“… მეტი არაფერი მსურს ამჟამად. „სახლი აფხაზეთშიც“ ამ პერიოდში დაიხატა…
– „მხატვართა ლიგის“ წევრი ხართ… სარვამარტო გამოფენაშიც მონაწილეობდით…
– თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ჯერჯერობით ახლა მიცნობს საზოგადოება. როცა საქმიანობას პროფესიად აქცევ, შენი ერთადერთი შემოსავლის წყაროა – საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაგიცნოს. ჩვენი ქვეყანა ისედაც პატარაა და არც ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ ნებისმიერმა მსურველმა შეიძინოს ნახატი, სამწუხაროდ.
ყოველთვის უამრავი მხატვრის ნამუშევარი მომწონდა, მაგრამ მათი შეძენა დიდი ფუფუნებაა ამ დროში. გამოფენებით მეტ ადამიანთან აღწევს შენი ნამუშევრები. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ სურათს ხედავენ ინტერნეტში, დამეთანხმებით, ახლოდან ხილვა სულ სხვაა… გამოფენაზე ყველას, ვისაც ხელოვნება აინტერესებს, შეუძლია მათი ხილვით სიამოვნების მიღება …
– ჰობი…
– მწირი თავისუფალი დროის გამო ჰობი არ ვიცი, რა არის… წიგნის კითხვას საერთოდ ვეღარ ვუთმობ დროს. ერთადერთი განტვირთვა, ხატვის დროს სასიამოვნო ფილმების ნახვაა…
– სურვილები…
– სამომავლო გეგმებს დრო გვიჩვენებს – ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ…. მინდა,ბევრმა ადამიანმა გაიცნოს ჩემი ნამუშევრები, ბევრი დრო გამოვნახო ხატვისთვის, რომ მომავალში პერსონალური გამოფენაც დავგეგმო. უდიდესი მადლობა თქვენ, რომ საშუალება მომეცით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა ამ მიზნისკენ…
თამარ შაიშმელაშვილი