“რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის წინაშე. ტრიბუნალი ელოდება რუსეთის ფედერაციის ყველა ზემდგომ ხელმძღვანელობას”,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა და ასევე მსოფლიო საზოგადოება აგროვებს მტკიცებულებების ბაზას, რათა შეძლოს რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენოს.
“ომის მე-18 დღე მიმდინარეობს. ბოლო ცნობებით, უკრაინაში უკვე 89 ბავშვი არის გარდაცვლილი. მტერი კვლავ აგრძელებს დაბომბვას და სარაკეტო თავდასხმას ჩვენს ცივილურ ადგილებზე და ქალაქებზე, რომლის შედეგადაც ბევრი გარდაცვლილი არის, როგორც სრულწლოვან მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში. დღეს ღამე მტერმა დაბომბა აეროპოლიგონი. ეს არის ლვოვის მიმდებარე ტერიტორია, მან 8 რაკეტის ჩამოგდება მოახერხა ამ ტერიტორიაზე. აგრესორი ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლებრივი ყველა ნორმის უხეშ დარღვევას. ფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მიერ აკრძალული იარაღის ქალაქ მარიუპოლში, ხარკოვში და სხვა დასახლებულ პუნქტებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გამოყენების სულ უფრო მეტი შემთხვევა. ეს არის, როგორც კასეტური საბრძოლო მასალა ასევე, მაღალი სიმძლავრის მქონე ბომბები, რომლის წონაც არის ერთ ტონაზე მეტი. უკრაინა და ასევე მსოფლიო საზოგადოება აფიქსირებს და აგროვებს მტკიცებულებების ბაზას, რათა შეძლოს რუსეთის ფედერაცია დააყენოს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე. უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის ზემდგომი პოლიტიკური ხელმძღვანელობა პასუხს აგებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე კაცობრიობის წინაშე და უკრაინელი ხალხის გენოციდისათვის. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით მტკიცედ იცავენ უკრაინას. მეტოქეს არ აქვს არცერთი წარმატებული მიღწევა საომარ გეგმებში. პუტინის გეგმა ჩავარდა აგრესიის პირველივე დღეებში. ზუსტად ამიტომ აგრესორი აგრძელებს ცივილური მოსახლეობის და ბავშვების მასიურ მკვლელობას. ასევე, ეძებს ახალ შესაძლებლობებს, რათა გამოიყენოს საბრძოლო ძალები და ცდილობს უკრაინასთან ომში ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩაბმას.
თქვენ ყველამ კარგად იცით რუსეთის ჩადენილი პროვოკაციის შესახებ, რომელიც მდგომარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ბელარუსის ტერიტორიის დაბომბვაში. ეს პროვოკაცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პუტინის რეჟიმი მზად არის ნებისმიერი ცინიკური ქმედების გამოყენებისათვის, რათა მოახდინოს მისთვის წინასწარ ცნობილი დანაშაულების შესრულება. თქვენ იცით თუ როგორი ჰუმანიტარული კატასტროფაა ახლა მარიუპოლში. ქალაქი ალყაშია. მასიურად იხოცებიან ადამიანები და ბავშვებში. აგრესორი ქვეყანა ესვრის ჰუმანიტარულ სატრანსპორტო კოლონებს. კოლონებს, რომლებსაც უნდა მიეწოდებინათ წყალი, წამალი, საჭმელი და ბავშვთა კვება მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი არის საომარი დანაშაული და რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის წინაშე. ტრიბუნალი ელოდება რუსეთის ფედერაციის ყველა ზემდგომ ხელმძღვანელობას”, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.