მიხეილ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

პროკურატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს და სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან ბრალი წარდგენილი უნდა იქნეს 24 საათში.
“იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ მიხეილ სააკაშვილისთვის მიგვეცა გონივრული ვადა, სურვილის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადების და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის, რაც აშკარად გართულდებოდა 24 -საათიანი ვადის დაწესებით, სწორედ ამიტომ იგი რამდენიმე დღით ადრე მოწმის სტატუსით დაიბარეს, რაც არ წარმოადგენს არც საპროცესო კოდექსის და არც მისი უფლებების დარღვევას. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს გაეგზავნება უწყება ბრალდების წარსადგენად გამოცხადების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ოჯახს ეძლევა ადვოკატის აყვანის საშუალება, რომელსაც ჩაბარდება დადგენილება და ბრალდების წარდგენა მოხდება ადვოკატის მეშვეობით”, – აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე განცხადებით, ანალოგიური პროცედურები განხორციელდება დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართაც, რომლებიც ასევე თავს არიდებენ გამოძიებას. რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და გიორგი უგულავას, მათ ბრალი წარედგინებათ საპატიმრო დაწესებულებაში. ბრალდების დაუსწრებლად ადვოკატისთვის წარდგენის შემდგომ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები