მიხეილ სარჯველაძე: „ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია“
„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა და გამოჩნდა დედათა სიკვდილიანობის შემცირების დადებითი ტენდენციებიც. აღნიშნული კი სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაორმაგდა ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა ორსულებისთვის; დაიწყო მშობიარობის შემდგომი ვიზიტის და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. დედათა და ბავშვთა პროგრამას დაემატა გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი. პროგრამის წარმატების მაჩვენებელია ანტენატალური ვიზიტებით მაღალი მოცვა (95%).
„პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დიდი აქცენტი კეთდება ბავშვთა ადრეული განვითარების ზედამხედველობაზე, პჯდ ექიმების პირდაპირი მოვალეობა ხდება 18 წლამდე ასაკის მოზარდების ინფორმირებულობა ქცევით რისკ-ფაქტორებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ა.შ.
განხორციელდა ანტენატალური და პერინატალური დაწესებულებების რეგიონალიზაცია. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინდიკატორები არა მარტო ჯანდაცვის სისტემის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფასების ინსტრუმენტია“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.