თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“პოლიტიკოსობას არ ვაპირებ. ეგ არ არის ჩემი საქმე. ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელების მიმართ. გაოცებული ვარ მათით. კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას, ვის რა როგორ ესმის, სხვა საკითხია”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ცნობისთვის, 9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი – ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.