გიორგი ფუტკარაძე: როდესაც ჟურნალისტიკაში ხარ, კრიტიკული ამბავი ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვეულებრივი მოვლენაა ისიც, რომ ვიღაცას მოსწონდე ან არ მოსწონდე, გაქებდეს ან ძალიან გაკრიტიკებდეს და ეს უნდა აიტანო

“როდესაც ჟურნალისტიკაში ხარ, კრიტიკული ამბავი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვეულებრივი მოვლენაა ისიც, რომ ვიღაცას მოსწონდე ან არ მოსწონდე, გაქებდეს ან ძალიან გაკრიტიკებდეს და ეს უნდა აიტანო”,- ამის შესახებ “იმედის” ჟურნალისტი, გიორგი ფუტკარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ჟურნალისტიკა შემთხვევით არ ამირჩევია.

ამისთვის ბევრი ვისწავლე, ბევრი ვიმუშავე და ახლაც ღამეების თეთრად გათენება მიწევს ხოლმე. ბევრი წელია დღის და ღამის გადაბმა ჩემი ჩვეული რეჟიმია – მაგალითად, არ მაქვს ტელეფონის გათიშვის უფლება, სანამ ვსუნთქავ.

როდესაც ჟურნალისტიკაში ხარ, კრიტიკული ამბავი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვეულებრივი მოვლენაა ისიც, რომ ვიღაცას მოსწონდე ან არ მოსწონდე, გაქებდეს ან ძალიან გაკრიტიკებდეს და ეს უნდა აიტანო.

ჩვენს ქვეყანაში ყველა ტიპი მედიას ნახავ. არსებობს არხები, რომელზეც არასოდეს ვიმუშავებ, არ მომწონს და იქ არც არასოდეს მიმუშავია, მაგრამ იქ მუშაობს ჩემი მეგობრების ნაწილი ან უბრალოდ ადამიანები, რომელსაც პატივს ვცემ. წლებია, როდესაც რეიტინგები მომდის ვნახულობ ვინ რომელ ადგილზეა, მოვუგე თუ არა და რა პროცენტით. ესეც ჩვეულებრივი ამბავია.

თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, ჩვეულებრივად ამბად იქცა მედიაში მყოფი ცალკეული(!) „სახეების“ მხრიდან სახის დაკარგვის შეუქცევადი პროცესი. პოლიტიკური ინტერესის გადასაფარად მორალურ პედესტალზე დადგებიან და ხან უკრაინის ნომერ პირველი პატრიოტის როლს მოირგებენ, ხან გლობალური დათბობის მოწინააღმდეგის მანტიას მოისხამენ, ხან თითქოს ყველაზე მეტად სტკივათ ავღანეთში მიმდინარე პროცესი და ყველა დანარჩენი ვინც ამ ველზე მუშაობს არის მტრის ხატი – ასე ხდება დღესაც. ადამიანების ეს ნაწილი, ვინც ასე აქტიურობს თავდასხმისას, ამ სფეროში შემთხვევით მოხვდა ან პარტიამ მოითხოვა, ნაწილმა უბრალოდ მორალური ორიენტირი დაკარგა, ნაწილი კი პოლიტიკური ზიზღის შკალას ვერ აკონტროლებს – ესენი ჩემი კოლეგები არ არიან.

„იმედში“ ყოფნის დროს, როდესაც ეს კატეგორია შეტევაზე გადმოდის ხოლმე სულ მაქვს ორი არჩევანი და ცდუნებაც: ან ვაკეთო საქმე და გავატარო ან უბრალოდ ჩავყვე ფსკერზე, სადაც უკვე დიდი ხანია ზოგიერთი კომფორტულად გრძნობს თავს, ველაპარაკო ზუსტად იმ ლექსიკით როგორსაც იმსახურებენ, გავახსენო ყველაფერი, რაც ამ სფეროში ისედაც ყველამ ვიცით, გავახსენო რომ მათი გაკეთებულები საქმეები ანტიჟურნალისტიკის მაგალითებია, გავახსენო მათი ურაპატრიოტიზმის მიღმა რა ინტერესი დგას, ჩავიდე ფსკერზე, რომელსაც დასასრული არასოდეს აქვს.

ყველას ვერ მოსთხოვ სახე ჰქონდეს, ალბათ, არც არის საჭირო, მაგრამ როდესაც პოლიტიკური პროცესების ავანგარდში მორიგ მანტიას მოისხამთ, გახსოვდეთ, აქ ვართ ჩვენ არ გვჭირდება რამის მტკიცება და გვახსოვს ყველას წარსულიც და აწმყოც. უბრალოდ, მანდ ფსკერზე რომ ჩამოვიდეთ, მერე ამოსვლა რთულია და განმასხვავებელი არაფერი დარჩება.

#აქიმედია და უკრაინა გაიმარჯვებს!

პ.ს. ამ სტატუსსაც საჯაროდ ვდებ, იმიტომ კი არა რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ნაკლებობას ვუჩივი ფრენდ ლისტში ან ადრესატ „კოლეგათა“ დიდი ნაწილი ვერ ნახავს, არამედ საქმეს რომელსაც ვაკეთებ 15 წელია, ისედაც საჯაროა და ზედაპირზე დევს”,- წერს ფუტკარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები