ზელენსკი – მოლაპარაკებებზე: მე ნამდვილად არ მჯერა შედეგის, მაგრამ, დაე, სცადონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას ნამდვილად არ სჯერა ბელარუსის საზღვარზე მოლაპარაკებების შედეგის, მაგრამ ნება იძლევა, სცადონ, რათა მოგვიანებით არავის შეეპაროს ეჭვი, რომ მას სურდა ომის შეჩერება.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. 2 წელი არ გვილაპარაკია, დღეს კი დიდი ხანი ვესაუბრეთ, ძალიან სერიოზულად. დეტალურად ავუხსენი ჩვენი შეჯახების შეუძლებლობა. არ მინდა, რაკეტები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები ბელარუსიდან უკრაინაში გაფრინდნენ. მე არ მინდა, ბელარუსიდან უკრაინაში ჯარები წავიდნენ და მან ამაში დამარწმუნა.
გულწრფელად ვიტყვი, როგორც ყოველთვის: მე ნამდვილად არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგის, მაგრამ, დაე, სცადონ. ისე, რომ მოგვიანებით უკრაინის არცერთ მოქალაქეს არ შეეპაროს ეჭვი, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ ვცდილობდი ომის შეჩერებას, როცა იყო შანსი, თუმცა მცირე, მაგრამ მაინც“.