მოლდოვამ „სპუტნიკს“ საიტი დაუბლოკა და რადიომაუწყებლობა აუკრძალა
მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა 26 თებერვალს დაბლოკა ორი ონლაინსაშუალება, რომლებიც „სიძულვილსა და ომს აჩაღებდნენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში“. პორტალები www.sputnik.md და www.gagauznews.md დაიბლოკება, – ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„სპუტნიკი” რუსეთის მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.
„სპუტნიკ-მოლდოვის“ ცნობით, მათი საიტი 26 თებერვლიდან გაითიშა, რადიომაუწყებლობა კი 7 მარტიდან შეწყდება.
ამასთან, 26 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და მასთან ერთად მოლდოვასა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა. „დავადასტურე, რომ მოლდოვა მზადაა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს უკრაინის მოქალაქეებს“, – განაცხადა მაია სანდუმ.
წყარო: რადიო თავისუფლება