ისრაელში პირველი მარტიდან კოვიდპასპორტები უქმდება
ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემცირების ფონზე, 1-ელი მარტიდან COVID-პასპორტების გამოყენება უქმდება.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბენეტის თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის ტალღამ კლება დაიწყო და უახლოეს მომავალში სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაც არის მოსალოდნელი.
ისრაელში COVID-პასპორტები გამოიყენებოდა დახურულ შენობებში შესვლისას, ასევე, მსხვილ ღონისძიებებზე.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 21 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
შედარებისთვის – იანვარში მაჩვენებელი 80 ათასს აჭარბებდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 3,4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9,6 ათასზე მეტი ადამიანი.