სოზარ სუბარი: ვისთანაა დაკავშირებული “ქოლ-ცენტრები”, ყველამ კარგად იცის
“ვისთან არის დაკავშირებული “ქოლ-ცენტრები”, ყველამ კარგად იცის და ამის გადასაფარად იწყება ხმაური და გადაბრალება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
სუბარის თქმით, ხაბეიშვილის ტყუილებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
“ხაბეიშვილის გამოგონებებსა და ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოძიება დიდი ხანია, დაწყებულია, ეს არის საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო არის ჩართული და არის მთავარი პარტნიორი. სწორედ ჩვენი და გერმანული მხარის თანამშრომლობით გაიხსნა საქმე და გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება ვისთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული, გავიმეორებ პრემიერის ნათქვამს, ვინ დგას ამის უკან, რას აფინანსებს საქართველოში ეს ადამიანი, ყველამ კარგად იცის და სწორედ ამის გადასაფარად იწყება ხმაური და გადაბრალებები სხვადასხვა პიროვნების მიმართ. ეს ხდება იმ ტელევიზიების მიერ, ვისაც ამ კაცის გვარის ხსენება არ აწყობთ”, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში იბარებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლილუაშვილმა მას და ორ ტელეკომპანიას ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლოში უჩივლა.
ამასთან, პრემიერმინისტრმა ფინანსთა მინისტრს, „ქოლ-ცენტრების” საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.