დღე, როცა გავრილო პრინციპმა ფრანც ფერდინანდი მოკლა – 1914 წლის 28 ივნისი
ფრანც ფერდინანდი – ავსტრია – უნგრეთის ერცჰერცოგი და ტახტის მემკვიდრე. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგის, კარლ ლუდვიგის და მისი მეუღლის, ნეაპოლ-სიცილიის პრინცესა მარია ანუნსიანტას ვაჟი და იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ძმისშვილი.
1889 წლის 30 იანვარს მაიერლინგში ბიძაშვილის კრონპრინც რუდოლფის თვითმკვლელობის და 1896 წლის 19 მაისს მამის კარლ ლუდვიგის გარდაცვალების შემდეგ ფრანც ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანც ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის საიმპერიო პოლიტიკაში ოფიციალურად არ ერეოდა, იგი მაინც გავლენას ახდენდა მასზე.
გავრილო პრინციპი – სერბი ნაციონალისტი ბოსნიიდან, რომელმაც 1914 წლის 28 ივნისს ავსტრია–უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფი მოკლა. ეს ფაქტი პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა.
ეროვნებით სერბი პრინციპი დაიბადა ბოსნიის ქალაქ ობიაიში. სერბეთი იმ დროისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, ბოსნია კი, ავსტრია–უნგრეთის იმპერიის ნაწილი (ოკუპირებული 1878 წელს და ანექსირებული 1908 წელს), დასახლებული მეტწილად სერბებით. პრინციპი გაერთიანდა ანარქისტულ, ნაციონალისტურ ორგანიზაციაში „ახალგაზრდა ბოსნია“, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა.
მკვლელობა
1914 წლის 28 ივნისს ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში გენერალ ოსკარ პოტიორეკის მიწვევით, რათა დასწრებოდა სამხედრო წვრთნებს. ფრანც ფერდინანდი ზომიერი ავსტრიელი პოლიტიკოსი იყო, ბოსნიელთათვის ავტონომიის მინიჭების მომხრე, რითაც თავმოყვარე „ახალგაზრდა ბოსნიის“ წევრების გაღიზიანებას იწვევდა.
„ახალგაზრდა ბოსნიამ“ გადაწყვიტა ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობა. საქმე დაევალა 6-კაციან ჯგუფს, რომელთაგან 3 დაავადებული იყო ტუბერკულოზით, იმ დროისთვის განუკურნებელი სენით. საინტერესოა, რომ ერცჰერცოგიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული.
28 ივნისს, დილის 10 საათისთვის სამეფო წყვილი სარაევოში მატარებლით ჩავიდა. 10:10 საათისთვის კორტეჟი 6 მანქანისგან (თავად ერცჰერცოგის ოჯახი მეორე მანქანაში ისხდა) პოლიციის ცენტრალურ განყოფილებას მიუახლოვდა. იქ მათ შეთქმულები ელოდნენ.
ნედელკო ჩაბრინოვიჩმა ისროლა ხელყუმბარა, მაგრამ ააცილა. ფერდინანდის ნაცვლად, ყუმბარამ მესამე მანქანის მძღოლი იმსხვერპლა და დაჭრა მანქანის სხვა მგზავრები, ქუჩის პოლიციელი და გამვლელები. ჩაბრინოვიჩმა წინასწარ მომზადებული საწამლავი (კალიუმის ციანიდი) გადაყლაპა თავის მოკვლის მიზნით, თუმცა მას მხოლოდ პირის ღებინება დაეწყო. შესაძლოა მას მეგობრებმა ჩუმად სხვა, უფრო სუსტი საწამლავი გადასცეს. იგი შეეცადა მდინარეში გადამხტარიყო, მაგრამ ბრბომ შეიპყრო და პოლიციას გადასცა. სხვა შეთქმულებმა, არეულობის გამო, ვერაფერი შეძლეს. თავდასხმა, თითქოს, ჩაიშალა.
ფერდინანდი გაემგზავრა ქალაქის საბჭოს სახლში (დღევანდელი მერია) მოხსენების წასაკითხად. მოხსენების შემდეგ ამალის ერთ–ერთი წევრი, ბარონი მორსე, მიუახლოვდა ტახტის მემკვიდრეს და სთხოვა, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქის დაეტოვებინა. ფერდინანდის ნაცვლად ბარონს გენერალმა პოტიორეკმა უპასუხა: „თქვენ გგონიათ სარაევო მკვლელებითაა სავსე?“ ერცჰერცოგმა გადაწყვიტა, საავადმყოფოში დაჭრილთა სანახავად წასვლა. სოფიმაც მოითხოვა მასთან ერთად წასვლა. გადაწყვიტეს, სხვა გზით წასულიყვნენ, მაგრამ პოტიორეკს დაავიწყდა მძღოლისთვის ამის შეხსენება.
მძღოლმა შეუხვია ფრანც იოსიფის ქუჩაზე. მას მოახსენეს, რომ არასწორად მიდიოდა. მძღოლმა ნელ–ნელა მანქანის შემოტრიალება დაიწყო. სწორედ ამ დროს შეამჩნია მანქანა გავრილო პრინციპმა, რომელიც მაღაზიაში სენდვიჩს ყიდულობდა. გავრილო მიუახლოვდა მანქანას და ორსულ სოფის მუცელში ესროლა, ფრანც ფერდინანდს კი – ყელში. მანაც თავის მოწამვლა სცადა, მაგრამ მასაც მხოლოდ ღებინება დაეწყო. შემდეგ შეეცადა, პისტოლეტით მოეკლა თავი, მაგრამ გამვლელებმა იარაღი გამოსტაცეს ხელიდან. ჩაბრინოვიჩის მსგავსად, იგი ჯერ სასტიკად სცემა ხალხმა და მხოლოდ მერე გადასცეს პოლიციას. დაჟეჟილობები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით ციხეში მას ხელის ამპუტაციაც კი დასჭირდა.
ფრანც ფერდინანდი და სოფი სასწრაფოდ გუბერნატორის რეზიდენციაში გადაიყვანეს, მაგრამ იარები სასიკვდილო აღმოჩნდა და ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალნენ.
შეთქმულების ექვსივე მონაწილე დაპატიმრებულ იქნა. ისინი უარობდნენ ჩვენების მიცემას, მაგრამ მოგვიანებით ერთ–ერთმა მათგანმა გათქვა ოპერაციის დეტალები, მათ შორის, ყველაზე ფასეული ინფორმაცია – იარაღი სერბეთის მთავრობის მიერ იყო მოწოდებული.
პრინციპის სიკვდილით დასჯა ვერ მოხერხდა, ვინაიდან იგი მხოლოდ 19 წლის იყო და მაშინდელი კანონებით, სრულწლოვნად არ ითვლებოდა. მას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა – 20 წელი.
ავსტრია–უნგრეთმა სერბეთს დამამცირებელი ულტიმატუმი წაუყენა. საყოველთაო გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – სერბეთი დათანხმდა. მიუხედავად ამისა, ავსტრიამ სერბეთი არაგულწრფელობაში დაადანაშაულა და ომი დაიწყო. 4 წლის შემდეგ ომი ავსტრია–უნგრეთის კაპიტულაციით დასრულდა. ბოსნია შეუერთდა სერბეთს. „ახალგაზრდა ბოსნიის“ წევრების სურვილი ახდა, თუმცა გავრილო პრინციპი ამ ფაქტს ვერ მოესწრო – 3 თვით ადრე, 1918 წლის 28 აპრილს იგი ტუბერკულოზით გარდაიცვალა.