“საკუთარ ჩართულობას, ჩემი მანდატიდან გამომდინარე, ამ პროცესში ვხედავ” – ლომჯარია პრეზიდენტთან შეხვედრაზე
“საკუთარ ჩართულობას, ჩემი მანდატიდან გამომდინარე, ამ პროცესში ვხედავ, თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება და მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარების და გამოსავლის ძიებისკენ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ განაცხადა.
“მე დღეს მოვედი, რადგან ვნახო, რა არის პრეზიდენტის გზავნილი და ხედვა ამ პროცესთან დაკავშირებით და ჩემი პოზიციაც ვთქვა, რომ საკუთარ ჩართულობას ჩემი მანდატიდან გამომდინარე ამ პროცესში ვხედავ, თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება და მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარების და გამოსავლის ძიებისკენ. თუ იქნება მხოლოდ ისტორიული შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქ რაღაც როლი და მანდატი არ აქვს და შესაბამისად, მივიღებ გადაწყვეტილებას. დღეს მოვედი აქ იმისთვის, რომ ვნახო რეალურად როგორი მოლოდინები აქვს თვითონ პრეზიდენტს, აქ შეკრებილ საზოგადოებას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორი ფორმით ჩავერთო ამ პროცესში ან ჩავერთვები თუ არა”, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, ეროვნული თანხმობის პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე.
„მოგეხსენებათ, რომ მე წინა თვეების განმავლობაში მქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ამ შეხვედრების დროს ჩვენ ვსაუბრობდით წარსულის, როგორც ისტორიულ-სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მნიშვნელობაზე, ასევე ჩემი აზრით, ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე. რა თქმა უნდა, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, მათ შორის, წარსულის შეფასებაც იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეთანხმება კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, როგორი ინსტიტუტები უნდა გვქონდეს ქვეყანაში”, – განაცხადა ლომჯარიამ.