მედოევი: ქართული პროპაგანდა უკვე ამოქმედდა და ეს 2008 წლის ფრონტის გააქტიურებას შეიძლება, ჰგავდეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული

ე.წ.სამხრეთ ოსეთში “ყურადღებითა და დაუფარავი შეშფოთებით ადევნებენ თვალს უკრაინის ირგვლივ მზარდ “მწვავე სამხედრო-პოლიტიკურ დაძაბულობას, რომელიც შექმნილია დასავლეთის ქვეყნების მიერ მათი ამერიკელი კურატორების ხელმძღვანელობით”.

ამის შესახებ ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი მედოევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, “ამ სახიფათო წამოწყების ავტორებს საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინის მოქალაქეებისთვის რეალური შედეგები, რაც ამ პროვოკაციების თავიდანვე ცხადია… თუმცა, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ – მეზობელ ქვეყნებს და არა მხოლოდ ევროპულ, არამედ – არარეგიონულ, აღმოსავლეთ ევროპისგან შორს მდებარე ქვეყნებს. ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას და ნატო-ს ასპირანტს საქართველოს”.

“აშშ-ნატო-ს მილიტარისტული დამოკიდებულებით აღფრთოვანებული, ასევე, რევანშისტული განწყობებით, ქართველი ქორები მზად არიან, შესთავაზონ ევროატლანტიკურ კოალიციას, გამოიყენონ თავიანთი ქვეყნის ტერიტორია, სამხრეთ საზღვრებზე ანტირუსული დაძაბულობის კერის გასააქტიურებლად. მიზნები და ამოცანები გასაგებია, პირველ ყოვლისა, ეს არის პრაქტიკული სოლიდარობა უკრაინის რეჟიმთან „რუსეთის შემოჭრა“ და გზად, ნატო-ს ფრთის ქვეშ, საკუთარი ტერიტორიული პრობლემების გადაჭრა, რაც საქართველოს ყველა მის ირგვლივ მიმდებარე ქვეყნებთან აქვს.

ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის ირგვლივ სიტუაციის ნებისმიერი დესტაბილიზაცია საქართველოსა და მის გარე ადმინისტრატორებს ხელს აძლევს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი გარემოება – მიმდინარე წლის აპრილში რესპუბლიკა საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამისთვის ემზადებიან არამხოლოდ სამხრეთ ოსეთში… აქედან გამომდინარე, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილმა ძალებმა, შეძლონ სამხედრო ესკალაციის სცენარის დაწყება, შესაძლოა, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მცდელობითაც კი. ამისკენ ქართული მხარე ყოველთვის იბრძოდა და არასდროს მალავდა, საკმარისია – გავიხსენოთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ტემპი და გაუთავებელი სამხედრო წვრთნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით”, – თქვა ე.წ. მინისტრმა.

კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს რუსეთის ირგვლივ საშიში რგოლის ჩამოყალიბებას? მედოევი ამბობს, რომ, ფაქტობრივად, ეს მოსკოვისთვის შეიძლება, ნიშნავდეს 2008 წელს ერთი შეხედვით მივიწყებული ფრონტის გააქტიურებას, რომელიც სამხრეთიდან რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული”.

“ამ პროექტის” გასატარებლად, ქართული პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამოქმედდა. მრავალგზის გაზრდილი რუსოფობიის ფონზე, ადგილობრივი მედია აქტიურად ამზადებს ქართულ საზოგადოებას ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გადაწყვეტის ალტერნატივის არარსებობისთვის და ღიად მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს მთიან ყარაბაღში განხორციელებული აზერბაიჯანულ-თურქული სცენარის მიხედვით. ამბობენ, დრო კურნავსო. მაგრამ აქ აშკარად ასე არ არის.

ვიღაცას ნამდვილად სურს ზეწოლის გაძლიერება და დისკომფორტის შექმნა რუსეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე, მათ შორის, ოსეთ-საქართველოს საზღვარზე რუსი და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების ერთობლივი პასუხისმგებლობის ზონაში. სულ ახლახან, ყაზახეთში ასეთი მცდელობა ჩაიშალა და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს სცენარები ერთი ცენტრიდან იმართება. შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი დასკვნა – ამ სახიფათო პროვოკაციას შეუძლია, სერიოზულად შეუქმნას საფრთხე არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის შიდა სტაბილურობას, არამედ მნიშვნელოვნად შეარყიოს რეგიონული ბალანსი და მთლიანობაში საერთაშორისო უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სცენარი განუხორციელებელია”, – თქვა მედოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები