1870-იანი წლების ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტები – როგორ იქცა კანონი ადამიანების განკვეთის საშუალებად
ვიქტორიანული ეპოქა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ნამდვილად არ იყო ჰუმანური მეთოდოლოგიის საჩვენებელი ნიმუში, მაგრამ ეს იყო დრო, როდესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყრიდა თავს.
გაურკვეველია, ეს, ძირითადად, რისგან იყო გამოწვეული: ფსიქოზური დაავადების შემთხვევათა რაოდენობის ზრდით, თუ საზოგადოებაში ფსიქიკურად დაავადებულთა მიმართ ტოლერანტობის სიმცირით.
1845 წელს მიღებული ე.წ. „სიგიჟის აქტი“ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ფსიქიკურად დაავადებულთა მკურნალობის საქმეში, რადგან მენტალურად დაავადებული ადამიანები უკვე პაციენტებად იქცნენ, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებოდათ.
აქტის თანახმად, ქვეყნები კანონის წინაშე იყვნენ ვალდებულნი, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის სპეციალური თავშესაფრები გაეხსნათ. ყველა თავშესაფარს მოეთხოვებოდა ჰქონდა წესები და ჰყოლოდა კვალიფიციური ექიმი. მათზე მზრუნველობა კი, ადრინდელი პრაქტიკისგან განსხვავებით (როცა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებზე მხოლოდ მათი ოჯახი ზრუნავდა), სახელმწიფოს დაევალა.
1860-იანი წლების თავშესაფრებში პაციენტის მიღებამდე აუცილებელი იყო, ადამინისტრაციას მასზე სრული ინფორმაცია ჰქონოდა: პაციენტის სახელი; სქესი და ასაკი; ოჯახური მდგომარეობა; რელიგიური კუთვნილება; ასაკი, როდესაც ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა პირველად შეაწუხა; ფსიქიკური დარღვევების სავარაუდო მიზეზები; იყო თუ არა ეპილეფსიის ან სუიციდის მცდელობის რისკი, იყო თუ არა ახალი პაციენტი სხვებისთვის საშიში და ა.შ.
არ არსებობდა პროცედურა, რომელსაც პაციენტი თავშესაფრიდან თავის დაღწევის მიზნით მიმართავდა. მათი „გათავისუფლება“ მხოლოდ მეგობრის ან ნათესავის განცხადების საფუძველზე იყო შესაძლებელი – თუ ისინი წერილობით დაადასტურებდნენ, ტომ პაციენტზე თავად იზრუნებდნენ და არ მისცემდენ მას საშუალებას, დაეზიანებინა სხვები ან საკუთარი თავი.
მიუხედავად კანონის კეთილი განზრახვისა, როგორც ჩანს, მაინც არსებობდა სისტემის ბოროტად გამოყენების უამრავი შესაძლებლობა. შესაბამისად, ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრები საავადმყოფოებად „გადაცმულ“ ციხეებს ჰგავდნენ. ეს იყო ხელსაყრელი გზა ღარიბი ადამიანების და ფსიქიკურად დაავადებულების საზოგადოებისგან სამუდამოდ მოსაკვეთად. ბევრი მდიდარი ადამიანი თავშესაფრებს საკუთარი ცოლების გასამწესებლადაც იყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პაციენტი თავშესაფარში მცირე ხნით შემოიყვანეს, არსებობს უამრავი ისტორია ადამიანებისა, რომლებიც ხშირად ნაკლებად სერიოზული მიზეზითაც მოხვედრილან აქ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაშიც დარჩენილან. ბევრი სწორედ თავშესაფარში გარდაიცვალა ისე, რომ იქიდან არასდროს გამოსულა. ისინი ყველამ დაივიწყა.
იმდროინდელ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გაცილებით მეტი ქალი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკაცი. საზოგადოება და თავშესაფრების ადმინისტრაცია მათ მიმართ განსაკუთრებით გულცივი იყო. ფსიქიატრიულში ქალების მოთავსების მიზეზები ხშირად ისეთი აბსურდულიც კი გახლდათ, როგორიცაა: „ამორალური ცხოვრება“ (რაც ხშირად უკანონო ბავშვის ყოლას უკავშირდებოდა), „მენსტრუალური პრობლემები“, „მენოპაუზა“, „საშვილოსნოს პრობლემები“, „ქალის დაავადება“, „ნიმფომანია“ და ა.შ.
თავშესაფარში განთავსების მიზეზად ასევე ხშირად იყო დასახელებული „ისტერია“, რომელიც თავიდან ბოლომდე სუბიექტური შეფასების საგანი გახლდათ და მისი ბოროტად გამოყენებაც მარტივად იყო შესაძლებელი. იმდროინდელი ქალებისგან საზოგადოება მოითხოვდა ყოფილიყვნენ თავმდაბლები, მოკრძალებულები, თავაზიანები და მაშინდელი მამაკაცებისთვის შესაფერისი. ვინც ამ „წესებს“ გადაუხვევდა, შესაძლოა ერთ დღესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩენილიყო ზემოთ ხსენებული დიაგნოზით. მაგალითად, მაშინ, თუ ქალი მამასთან ან ქმართან იკამათებდა.
უფრო მეტიც, თავშესაფარში ქალებს იმ მიზეზითაც მიიღებდნენ, თუ ისინი განათლების და თვითგანვითარების სურვილს გამოამჟღავნებდნენ. ასე რომ, მათი ფსიქიატრიულში გამწესების ოფიციალურ მიზეზებში, უბრალოდ, „წიგნის კითხვასაც“ ხშირად შეხვდებით.
ცხადია, ამ მოგონილი მიზეზების პარალელურად, თავშესაფრებში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემები და ნამდვილად საჭიროებდნენ მკურნალობას, თუმცა რამდენად ადეკვატური იქნებოდა მათი მკურნალობის პროცესი?!