ბიძინა კულუმბეგოვი: მოარული ხმები, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი დაავადებაა და ყველა ადამიანს ზედა სასუნთქ გზებში დარჩება, მტკნარი სიცრუეა
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, იმუნიზაციის საბჭოს წევრის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მოარული ხმები, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი დაავადებაა, მტკნარი სიცრუეა. ამის შესახებ კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კულუმბეგოვმა covid 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ დომინანტობის მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.
„მოარული ხმები, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი დაავადებაა, 100 %-ში მსუბუქია, ყველა ადამიანს ზედა სასუნთქ გზებში დარჩება და ფილტვებს არ დააზიანებს, არის მტკნარი სიცრუე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. სიკვდილობის და ავადობის ჯამური, კუმულაციური რიცხვი შემცირებულია, მაგრამ არ გვეგონოს, რომ „ომიკრონი“ პაციენტებს ჰოსპიტლებში არ ახვედრებსა და ადამიანების გარდაცვალებას არ იწვევს. დღეს მთელი მსოფლიოს მაგალითი ამას აჩვენებს. აშშ-ში, ბრიტანეთში, დანიაში ადამიანები ავადობენ. რასაკვირველია, ეს პროცენტი შემცირებულია, მაგალითისთვის, თუ შევხედავთ იმ მწირ მონაცემებს, რომელიც დღეისათვის არსებობს: თუ წინა ვარიანტი 100 დავადებულიდან დაახლოებით 10 ადამიანის ლეტალობის მიზეზი შეიძლებოდა, გამხდარიყო, დღეს ეს არის დაახლოებით 1000 დან 1 ადამიანის ლეტალობა. ეს არის სიკვდილობის მაჩვენებელი რომელიც ახლოსაა, იდენტურია გრიპის ვირუსთან, რომელიც რესპირაციულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სეროზული და ვერაგია.
რამდენი პროცენტი შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში: თუ შევადარებთ წინა ტალღებს, მაგალითად, სამხრეთ აფრიკული გამოცდილება, რომლიც ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას პროცენტული თვალსაზრისით, აცრილობის მოცვის თვალსაზრისით და ბევრი სხვა ნიუანსით ძალიან ჰგავს, ამბობს, რომ „დელტა „ ვარიანტის დროს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყველა ინფიცირებული ადამიანიდან დაახლოებით 13, 8 % ჰოსპიტალში ხვდებოდა, ჩვენთანაც ამ ეტაპისთვის ეს პროპორციაა, „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს პროცენტი განახევრდა, 4, 9-ზე ჩამოვიდა, მაგრამ არ განულდა. ამიტომ, თუ ჩვენ გვექნება მაგალითად 100 000 აქტიური შემთხვევა, დაახლოებით, 5 000 ადამიანს მაინც დასჭირდება ჰოსპიტალი. ეს არის სწორედ ის რისკები, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში პაცინტების დიდი რაოდენობით დაგროვებას უკავშირდება. ის შემცირებული პროცენტები აბსოლუტურ რიცხვში მაინც მაღალი გამოდის. ეს ყველამ უნდა გავიზაროთ. თქვენც უნდა დაგვეხმაროთ, მასმედიას ვგულისმობ, რომ საზოგადოებას სწორი მესიჯები მივაწოდოთ. არ ვიძახოთ, რომ ესაა მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების დაავადება, ქვევით არავის ურთულდება, ფილტვის ანთება არავის ემართება, სეფსისი არავის ემართება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ემართებათ, უბრალოდ – შედარებით დაბალი პროცენტით. მაგრამ აბსოლუტურ რიცხვებში დიდი რაოდენობით პაციენტებში, ეს შეიძლება, გადაითარგმნოს ძალიან დიდი რაოდენობით პაციენტის კლინიკაში მოხვედრის ალბათობით“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.
თამუნა შეყილაძე