გია ხუხაშვილი: რუსეთმა იცის, რომ მისი გავლენის სფეროში საქართველოს პირდაპირი ინტეგრაცია შეუძლებელია, ამიტომ, ცდილობს – შედეგს ბუფერული სისტემით მიაღწიოს

“დასავლეთი რუსეთს თავისი საზომით უდგება და მიიჩნევს, რომ რისკების არითმეტიკულად დათვლა შეიძლება – არადა, ასე არ არის”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთს კარგად ესმის, რომ მისი გავლენის სფეროში საქართველოს პირდაპირი ინტეგრაცია დღეს მისთვის შეუძლებელია, ამიტომ, ცდილობს, იმავე შედეგს ბუფერული სისტემის მეშვეობით მიაღწიოს.

“რაც ხდება, ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის დიდი საშიშროებაა. გლობალური უსაფრთხოების სისტემის ეპიცენტრში დღეს მოქცეულია უკრაინა. რუსეთმა, გამომდინარე ბოლოდროინდელი პროცესებიდან და რის შედეგადაც განსაზღვრული მიმართულებებით წინ წაიწია, ახალი ულტიმატუმები წამოაყენა. ვგულისხმობ კრემლის პოზიციის გამყარებას ჯერ ბელარუსში – ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, უკვე ინტეგრირებულია რუსეთთან; შემდგომ იყო ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება, რის შედეგადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობის გარანტად ისევ რუსეთი მოგვევლინა; ბოლოს კი ვნახეთ ყაზახეთის მოვლენები, რის შედეგადაც ამ ქვეყანაში კრემლის პოზიცია უფრო გამყარდა. ამ ყველაფერმა რუსეთს შეუქმნა საფუძველი იმისთვის, რომ მისი იმპერიული ზრახვები უფრო აგრესიული გახდეს. მოვისმინეთ უპრეცედენტო ულტიმატუმი – რუსეთი ითხოვს არა მარტო საქართველოს და უკრაინის საკითხის მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას, არამედ ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას, რაც სრული ნონსენსია. თან ამბობს, ჩვენი მოთხოვნები მენიუ არ არის, რომ რაღაც აირჩიოთ და რაღაც არა, ან ყველაფერი, ან არაფერიო.

კი ბატონო, ვიცით, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა, მაგრამ არც ისეთი ბრიყვები არიან, არ ესმოდეთ, რომ დასავლეთი ამ ულტიმატუმს არ მიიღებს. ეს იმთავითვე ჩანდა და ეს ცხადყო კიდეც შეხვედრებმა აშშ-რუსეთსა და ნატო-რუსეთს შორის. ფუნდამენტურ, მსოფლმხედველობრივ დათმობაზე არ წავა დასავლეთი, რომელიც განსაზღვრულ ფასეულობათა სისტემაზეა აგებული და აღიარებს საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი სუბიექტის სუვერენულ უფლებასა და თავისუფალ არჩევანს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სამყარო უნდა დაუბრუნდეს ე.წ. რეალურ პოლიტიკას, როდესაც ძლიერები აკონტროლებენ სუსტებს. შესაბამისად, დასავლეთისგან ასეთ დათმობაზე წასვლა იქნებოდა ყველაფრის ჩამოშლის ტოლფასი. რუსეთმა ეს იცოდა, მიუხედავად ამისა, ულტიმატუმი მაინც წამოაყენა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ მოვლენების განვითარების გეგმა.

რა შეიძლება იყოს ეს გეგმა? – ზუსტად ის, რაც მეც ვივარაუდე და უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის განცხადებებშიც მოვისმინეთ. რუსეთი შესაძლოა მართლაც ემზადება აღმოსავლეთ უკრაინაში შესაჭრელად სწორედ იმგვარი სცენარით, როგორითაც 2008 წელს საქართველოში, თითქოსდა თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით დაიწყო ომი.

რუსეთს მოლდოვაში, დნესტრისპირეთთან აქვს სახმელეთო კომუნიკაციის პრობლემა. ეს არის რეგიონი, რომლითაც კრემლი არ აძლევს მოლდოვას ნორმალური განვითარების საშუალებას. ყირიმთანაც არა აქვთ ნორმალური კავშირის საშუალება, თუ ხიდს არ ჩავთვლით. ასე რომ, ლოგიკურია ყველაფერი იმ სცენარით განვითარდეს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე, ანუ პროვოკაციებით შეეცდებიან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ინტერვენციის საფუძვლის შექმნას. შეიძლება უფრო ღრმადაც შევიდნენ, დაიკავონ ზაპოროჟიე, ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა… სწორედ ხერსონით შეძლებენ ყირიმთან სახმელეთო კავშირს. არ გამოვრიცხავ, წაიწიონ მაქსიმალურად წინ და მერე, როგორც ახასიათებთ, უკან გადადგან ნაბიჯები. როგორც მოხდა საქართველოს შემთხვევაში – გორსა და ხაშურში იდგნენ და მერე უკან დაიხიეს. მოკლედ, ეს სცენარი ყველაზე მეტად მოსალოდნელია. სამწუხაროდ, ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი ჯერ არ ჩანს. რუსეთი საკითხს ძალიან ხისტად აყენებს, შესაბამისად, პროცესი ჩიხშია შესული. ზუსტად რა მოხდება, ან მოხდება თუ არა საერთოდ რამე, მაინც რთული სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ კომპრომისის მიღწევა მოხერხდება. თუმცა ფაქტია, ამისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება.

დღეს თითქოს არა ვართ მაინცდამაინც ეპიცენტრში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე. მას შემდეგ, რაც ვნახეთ მთელი ეს პროცესები, რაშიც კარგად ჩანს რუსეთის საბჭოთა კავშირის დიდი ნოსტალგია და გარკვეულწილად, მისი აღდგენის ცდაც, ბოლო ბასტიონი ჩვენ წინ არის უკრაინა. თუ იქ რუსეთმა შეძლო თავისი გეგმის შესრულება, ჩათვალეთ, რომ შემდეგ რიგში ჩვენ ვიქნებით. დღეს უკრაინაში წყდება როგორც გლობალური უსაფრთხოების, ისე საქართველოს მომავალი განვითარების საკითხი.
დასავლეთი რუსეთს თავისი საზომით უდგება და მიიჩნევს, რომ რისკების არითმეტიკულად დათვლა შეიძლება. არადა, ასე არ არის. თუ დასავლეთისთვის 2 ფუნდამენტური ფასეულობა არსებობს – თავისუფლება და კეთილდღეობა, რუსეთისთვის პროპაგანდით თუ გენეტიკურად ფორმირებული ველიკოდერჟავული განწყობაა უფრო მნიშვნელოვანი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რაც მეტად გაუჭირდებათ რუსეთში ეკონომიკური სანქციების გამო, მით მეტს აიტანენ, თუ დაიჯერებენ, რომ “კარზე მტერია მომდგარი”. პროცესის ასეთი განვითარება პუტინის ხელისუფლებას კი არ დაასუსტებს, უფრო გააძლიერებს, უფრო აგრესიულსა და სახიფათოს გახდის.

რუსეთს კარგად ესმის, რომ მისი გავლენის სფეროში საქართველოს პირდაპირი ინტეგრაცია დღეს მისთვის შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს იმავე შედეგს ბუფერული სისტემის მეშვეობით მიაღწიოს. ამისთვის სჭირდება “3+3″-ის ფორმატი, რომლის სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს, რომ მასში სამი მგელია და სამი ცხვარი…

თუ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები რეგიონში ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აშკარა და ცხადია, აბსოლუტურად გაუგებარია ამ სივრცეში ირანის მონაწილეობა. ეს ქვეყანა საერთოდ რა შუაშია? აქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მით უფრო, რომ რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან, რაღაც ინტეგრაციული პროცესის დაწყება, თუნდაც ამას მხოლოდ ეკონომიკური განზომილება ჰქონდეს, ყოვლად მიუღებელია. ლავროვის განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს არა პირდაპირ დაარწმუნოს საქართველო, არამედ ისეთი ქვეყნების საშუალებით, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენთან. საქმე საკმაოდ რთულად არის რეგიონში, რომლის ნაწილიც ხარ, როდესაც ასეთი სისტემები იქმნება, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის იოლი. ეს, ფაქტობრივად, მაფიოზური წინადადებაა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, რომ საქართველო აიძულონ ამ სისტემაში მონაწილეობაზე, თუ ჩვენ მანამდე ვერ შევძლებთ დასავლეთიდან ფარისა და დაცვის მიღებას. ამიტომ არის საჭირო ფორსირებულად დასავლეთის საქართველოში ყოფნის ფიქსაცია, რათა თავდასაცავად მეტ-ნაკლებად სერიოზული ქოლგა გვქონდეს. ჩემი აზრით, შესაძლო კატასტროფული სცენარებიდან საქართველოს დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში ყოფნას ფიზიკურად დააფიქსირებს. არ ვამბობ, რომ ნატოში ხვალ უნდა მიგვიღონ, ეს, ალბათ, შეუძლებელია, რადგან იქ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ძალიან რთულია, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია, თუნდაც სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა მცირე სამხედრო ბაზის ან რაიმე სხვა სახით. საქართველოში თუნდაც აშშ-ის ყოფნის ფიზიკური დაფიქსირება შესაძლოა მძლავრი ბერკეტი გახდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. თუ დასავლეთმა ასე გააგრძელა, აი, კარი ხომ ღიააო, მაგრამ ვერ შევდივართ, მაშინ რისკები ძალიან მაღალი იქნება.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაც ვერ გამოიყურება ამ ვითარებაში დიდად წელში გამოყვანილად. ისე ჩანს, რომ ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს – დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს ფასეულობათა მწყობრი სისტემა, ეს სახიფათო ვითარებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, რომ მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში ეს სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნისთვის. აგერ უკრაინაში ასეთი მძიმე ვითარების დროს, როდესაც კარგად გვესმის, რომ ჩვენი ბედიც დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, რაც იქ მოხდება, ჩვენი ხელისუფლების ამ მიმართულებით პასიურობა ძალიან მძიმე დასკვნების საფუძველს იძლევა და ადასტურებს იმ შიშს, რომელზეც ვილაპარაკე”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები