ამირან გამყრელიძე: საქართველოში “ომიკრონის” კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე თქმით, პანდემიის დამთავრების გზა მოსახლეობის ვაქცინაციაზე გადის.
„როდესაც საბჭო მიდიოდა, მაშინ გამომიგზავნეს ახალი მონაცემები, 5 ახალი შემთხვევა დაემატა დღევანდელ კვლევაში. ამ წუთისთვის, ერთად გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ტყუილად არ მიიღო დადასტურებიდან ორ დღეში ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია. ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა გავითავისოთ, რომ ახალ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. პანდემიის დამთავრების გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. მთელი მოსახლეობის 70% უნდა იქნეს აცრილი, რომ პანდემიის დასრულებისკენ წავიდეთ. მესამე დოზა უკვე ხდება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობის და პრევენციისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერი“ შემდეგ, დაცვის უნარი, იგივე „ომიკრონთან“ მიმართებით, საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.