არჩილ თალაკვაძე: “ქართული ოცნება“, საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები შეთანხმებულები ვართ, რომ დეპოლარიზაცია და პოლიტიკური დიალოგი არის მნიშვნელოვანი

“მინდა, პირდაპირ ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებსა და მხარდამჭერებს, ჩვენ ჩვენი გამარჯვების დათმობას არ ვაპირებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაცია და პოლიტიკური დიალოგი არის მნიშვნელოვანი.

„ვისაც პოლარიზაციის შემცირება, შეთანხმება და მომავალში ნორმალური პოლიტიკა უნდა, ის საზოგადოება შეთანხმებული ვართ ამაზე. ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, საზოგადოება, ასევე, ჩვენი პარტნიორები შეთანხმებულები ვართ, რომ დეპოლარიზაცია, პოლიტიკური დიალოგი და პარლამენტში პარტიების მუშაობა არის მნიშვნელოვანი. ვინც ამას არ ეთანხმება, ვისაც შემორიგება უნდა, თუმცა, ამ შერიგებასაც ვერ ახერხებს და ვერ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მინდა, პირდაპირ ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებსა და მხარდამჭერებს, ჩვენ ჩვენი გამარჯვების დათმობას არ ვაპირებთ. არც იმ სიცრუეში ვაპირებთ შესვლას, რომ, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა„ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეურიგდეს და მერე მომავალი იქნება უმშვიდესი და უწყნარესი ამ ქვეყანაში. ჩვენ ომი და დაპირისპირება რომ გვდომოდა, 2012 წლიდან არ ავირჩევდით იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რაც გავაკეთეთ. გეხსომებათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა გააკეთა, ყველა გაყარეს სამსახურებიდან, მთელი წინა ხელისუფლება რეკეტში მოაქციეს, ქონება მიატანინეს და მათი ნათესავებიც ვერ მუშაობდნენ „ნაციონალური მოძრაობის„ მმართველობის პერიოდი. რაც შეეხება შერიგების საკითხს, რაზეც დღეს პრეზიდენტი საუბრობს და შერიგებას, რაზეც სააკაშვილი საუბრობს, ეს სხვადასხვა რამეა. ერთი გულწრფელია თავის ინიციატივაში, მეორე კი, ოღონდ რამე ხელჩასაჭიდი ნახოს, რომ მართლმსაჯულებას დაუძვრეს ხელიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები