ირაკლი კობახიძე: ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ტრაგიკომიკური მოვლენაა
“არავინ არავის არ დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას.
მისივე თქმით, პროტესტის აღნიშნული ფორმა პოლიტიკას არ წაადგება.
“შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა, ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავის არ დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა”, – განაცხადა კობახიძემ.