ბოლნისში სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით ბოლნისში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სკრინინგის აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკრინინგის ძირითადი მიმართულებები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს, გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებასა და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) გამოვლენას მოიცავდა.
“აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ვლადიმერ გეთია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
სკრინინგის აქციის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა,”- წერია ინფორმაციაში.