1871წელი, ჩიკაგოს დიდი ხანძარი – მასშტაბური ტრაგედიის იშვიათი ფოტოები
1871 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე დეკოვენ სტრიტის N137-ში მდებარე პატარა გომურს ხანძარი გაუჩნდა. ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით, დამნაშავე ძროხა იყო, რომელმაც ნავთით სავსე ჭრაქი გადააბრუნა. ეს ისტორია ხანძრის ჩაქრობისთანავე გაზეთში დაიბეჭდა. ცოტა მოგვიანებით, სტატიის ავტორი გამოტყდა, რომ ისტორია მისი გამოგონილი იყო და სინამდილეს არ წარმოადგენდა. მეორე ვერსიის მიხედვით, დამნაშავე იყო დენიელ სალივანი, პატარა ბიჭუნა, რომელმაც გომურიდან რძის მოპარვა განიზრახა და შემთხვევით წააქცია ჭრაქი. მესამე ვერსიაც არსებობს, რომლის მიხედვითაც ჭრაქი ვინმე ლუის კონმა კრეპსის თამაშის დროს შემთხვევით გადააბრუნა.
ზუსტი მიზეზი დღესაც არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ გომურში გაჩენილმა ხანძარმა გადაწვა მთელი ჩიკაგო. სწორედ ამ შემთხვევამ ჩაუყარა საფუძველი ქალაქის მომავალ განვითარებას.
განგაში მეხანძრეებმა მხოლოდ 9:40 საათზე ატეხეს, იმ დროისთვის, როდესაც ძლიერ ქარს ცეცხლი ქალაქის ცენტრისკენ გადმოჰქონდა. შუაღამისთვის სტიქიამ მდინარე ჩიკაგოსაც მიაღწია. სანაპიროზე ღუზაჩაშვებული გემები, ერთმანეთის მიყოლებით, მჭიდროდ განლაგებული ხის სახლები, ხის ტროტუარები, ნახშირის საწყობები ხელს უწყობდნენ ხანძრის სწრაფ გავრცელებას. გახურებული ჰაერი სტიქიისგან საკმაო მანძილით დაშორებულ სახლებსაც კი წვავდა.
ხანძარი კვლავ ვრცელდებოდა. მოსახლეობა ქალაქის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა. მეორე დღეს, ორშაბათს, საღამოსთვის ქარი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. ხანძარი ჩაქრა. 48 კვარტალი სრულად განადგურდა.
საბოლოო შედეგების შეჯამებისას დადგინდა, სტიქიის შედეგად განადგურდა სასტუმროები, მაღაზიები, თეატრები, ოპერა.. ხანძარმა მოიცვა 2000 აკრი (8 093 713 კვ.მ.) მიწის ფართობი, მათ შორის, გზები, ტროტუარები, ლამპიონები, შენობები… ზარალის საერთო ღირებულებამ 222 მილიონი დოლარი შეადგინა. 300 ათასი მაცხოვრებლიდან 90 ათასი უსახლკაროდ დარჩა.
ხანძრის შემდეგ ნაპოვნი იქნა 125 ცხედარი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სტიქიამ 200-300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.